
უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უპილოტო საფრენი აპარატებით ხარკოვის ოლქში მდებარე ქალაქ ბალაკლიას საცხოვრებელ სექტორს დაარტყეს.
თავდასხმას სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
პარალელურად, უკრაინის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით განხორციელებულმა იერიშმა რუსეთის რამდენიმე რეგიონი დააზიანა.
ტვერის ოლქის გუბერნატორის, ვიტალი კოროლიოვის განცხადებით, დრონის ჩამოგდებული ნამსხვრევების შედეგად „უმნიშვნელოდ“ დაზიანდა Wildberries-ის ლოგისტიკური კომპლექსის ფასადი. კოროლიოვის თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამასთან, იაროსლავლის ოლქის გუბერნატორის, მიხაილ ევრაევის განცხადებით, გამთენიისას რეგიონს 88-მდე უპილოტო საფრენმა აპარატმა შეუტია, რაც, მისივე თქმით, რეგიონისთვის ყველაზე მასშტაბური შეტევა იყო. უსაფრთხოების მიზნით, ღამით დროებით შეზღუდული იყო გასასვლელი იაროსლავლიდან მოსკოვის მიმართულებით.
მედია წერს, რომ იაროსლავლში ცეცხლი გაუჩნდა ნავთობგადამამუშავებელ საწარმო „სლავნეფტ-იანოსს”, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
0
0