
რუსეთის ფედერაციის დელეგაცია სტამბოლში უკრაინასთან მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა. დელეგაცია რვა კაცისგან შედგება, მას პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი ხელმძღვანელობს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სტამბოლში მოლაპარაკებებზე რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკის ვერ შეხვდება.
„პრეზიდენტს შეხვედრა არ შეუძლია, მით უმეტეს, რომ ფორმატი დიპლომატიური პროტოკოლის თვალსაზრისით მკაფიოდ არ იქნება განსაზღვრული და დაბალანსებული“, - განაცხადა პოდოლიაკმა.
გაზეთ Kommersant-ის ინფორმაციით, რუსეთ-უკრაინის შეხვედრაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი მონაწილეობას არ მიიღებს.
ასევე Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თურქეთში არ გაფრინდება. ეს გადაწყვეტილება ამერიკელმა ლიდერმა მაშინვე მიიღო, რაც ცნობილი გახდა, რომ ვლადიმერ პუტინი სტამბოლში არ ჩავიდოდა. ამავდროულად, გამოცემა წერს, რომ მანამდე ტრამპი არ გამორიცხავდა თურქეთში მოლაპარაკებებისთვის ჩასვლის შესაძლებლობას, „თუ ეს კონფლიქტის დასრულებას ხელს შეუწყობდა“.
0
0