
დიდმა ბრიტანეთმა უცხოეთიდან პოლიტიკური შემოწირულობების წესები გაამკაცრა, რათა „საეჭვო დაფინანსება“ აღკვეთოს. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, დიდმა ბრიტანეთის მიერ უცხოეთიდან მიღებული პოლიტიკური შემოწირულობების წესების გამკაცრებაზე გადაწყვეტილება მიზნად ისახავს უცხოური ფინანსების გავლენის შეზღუდვას არჩევნებზე და იმ „საეჭვო დაფინანსების“ აღკვეთას, რაზეც ქვეყნის საბინაო საკითხებში მინისტრმა, სტივ რიდმა ისაუბრა.
„როიტერის“ ცნობით, გასულ წელს ბრიტანეთის მთავრობამ პოლიტიკაში უცხოური ფინანსური ჩარევის შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც პარტია Reform UK-ის ყოფილ პოლიტიკოსს პატიმრობა მიუსაჯეს რუსეთის სასარგებლოდ გამოსვლებისა და განცხადებების გაკეთების სანაცვლოდ ქრთამის აღებისთვის.
მიმოხილვამ აჩვენა, რომ დიდი ბრიტანეთი მუდმივად აწყდება ისეთი ქვეყნების მცდელობებს, როგორებიც არიან რუსეთი, ჩინეთი და ირანი, რომ გავლენა მოახდინონ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებზე და დემოკრატიული სისტემა შეარყიონ. სწორედ ამან აიძულა მთავრობა, ახალი წესები შემოეღო.
როგორც „როიტერი“ წერს, ეს ცვლილებები იმ ფონზე ამოქმედდა, როდესაც ანტიიმიგრაციული პარტია „გაერთიანებული სამეფოს რეფორმის“ ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი პარლამენტის სტანდარტების ზედამხედველი ორგანოს მიერ გამოძიების ქვეშ იმყოფება. გამოძიება ადგენს, მართებდა თუ არა მას ტაილანდში მცხოვრები კრიპტოვალუტის მილიარდერისგან მიღებული 5 მილიონი ფუნტი სტერლინგის (6.68 მილიონი დოლარი) ოდენობის შემოწირულობის დეკლარირება, რომელიც ფარაჯს მანამდე გადაეცა, ვიდრე ის პარლამენტის წევრობის კანდიდატად კენჭისყრის გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა.
დიდი ბრიტანეთის საბინაო, თემთა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამინისტროს განცხადებით, ამიერიდან პოლიტიკურ კანდიდატებს მოეთხოვებათ იმ 2 230 ფუნტ სტერლინგზე მეტი ოდენობის შემოწირულობების დეკლარირება, რომელიც მათ კანდიდატად დარესგისტრირებამდე მიიღეს და იმის დამტკიცება, რომ კანდიდატურის წარდგენამდე მოპოვებული ნებისმიერი დაფინანსება ლეგიტიმური წყაროებიდან არის მიღებული.
„უცხოელი დონორებისთვის უფრო მკაცრი სტანდარტების დაწესებითა და კანდიდატებისგან მათი დაფინანსების წყაროს დამტკიცების მოთხოვნით, ჩვენ გადავდგამთ მსოფლიოში წამყვან ნაბიჯებს ჩვენი არჩევნების მთლიანობის დასაცავად და იმ საფრთხეებთან დასაპირისპირებლად, რომლებსაც საზღვარგარეთიდან ვხვდებით“, – აღნიშნულია სტივ რიდის განცხადებაში.
ახალი წესების მიხედვით, უცხოეთიდან დიდ ბრიტანეთში გადასულ პირებს 100 000 ფუნტი სტერლინგის ან მეტი ოდენობის პოლიტიკური შემოწირულობის გაკეთება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლებათ, თუ ქვეყანაში, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში მუდმივად იცხოვრებენ. ამასთანავე, კომპანიების მიერ გაღებული შემოწირულობები შეფასდება მათი წარსული, გადასახადების შემდგომი მოგების (და არა მთლიანი შემოსავლის) მიხედვით, რაც უზრუნველყოფს, რომ შემოწირულობის გაღება შეძლონ მხოლოდ დიდ ბრიტანეთთან რეალურად დაკავშირებულმა, ლეგიტიმურმა ბიზნესებმა.
მედიის ცნობით, ეს წესები ეფუძნება მარტში გამოცხადებულ რეგულაციებს, რომლებმაც საზღვარგარეთ მცხოვრები ბრიტანელების მიერ გაღებული შემოწირულობების მაქსიმალური ოდენობა წელიწადში 100 000 ფუნტ სტერლინგამდე შეამცირა და აკრძალვა დააწესა კრიპტოვალუტით შემოწირულობებზე იქამდე, ვიდრე მათი ეფექტური რეგულირების სისტემა არ შეიქმნება.
„გაერთიანებულო სამეფოს რეფორმა“, რომელიც უკვე ერთ წელზე მეტია, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ლიდერობს, აცხადებს, რომ ნაიჯელ ფარაჯისთვის კრიპტოინვესტორ კრისტოფერ ჰარბორნის მიერ გაკეთებულ შემოწირულობასთან დაკავშირებით არცერთი წესი არ დარღვეულა. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ჰარბორნმა გასულ წელს პარტიის დაფინანსების დაახლოებით ორი მესამედი უზრუნველყო. კვირას კი, ნაიჯელ ფარაჯის საქმე პარლამენტის სტანდარტების ზედამხედველ ორგანოს მას შემდეგ გადაეცა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ მან შესაბამის დეკლარაციაში სხვა მიღებული სარგებელიც არ დააფიქსირა.
0
0