06/11/2023
11:16
მსოფლიო
როგორც ცნობილია, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, მცირე ხნის წინ, თურქეთში ჩავიდა, სადაც ის, ღაზას სექტორზე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრს ჰაკან ფიდანს შეხვდება.
მანამდე კი, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ისრაელ-„ჰამასის“ ომის შემდეგ ღაზა დამოუკიდებელი, სუვერენული პალესტინის სახელმწიფოს ნაწილი უნდა იყოს და დასძინა, რომ ის არ დაუჭერს მხარს არანაირ გეგმას, რომელიც „პალესტინელებს ისტორიიდან ეტაპობრივად წაშლის.“
ანკარამ მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა, ბლინკენმა კი ჰუმანიტარული პაუზის აღება მოსთხოვა.
როგორც BBC-ი წერს, სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, მათ შორის აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთისგან, თურქეთი „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად არ მიიჩნევს. ის დიდი ხანია მასპინძლობს დაჯგუფების წევრებს და მხარს უჭერს ორი სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტილების მიღებას.
ისრაელსა და თურქეთს შორის მანამდე არსებული დაძაბული ურთიერთობები ომის დაწყების შემდეგ კიდევ უფრო გამწვავდა და ორივე მხარემ თავიანთი დიპლომატიური წარმომადგენლობა ქვეყნებიდან უკან გაიწვია.
5 ნოემბერს, ერდოღანმა განაცხადა, რომ მან ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, როგორც კოლეგა, „ჩამოწერა“. თუმცა მისივე თქმით, თურქეთს არ სურს ისრაელთან კავშირების გაწყვეტა.
0
0