
საფეხბურთო ხულიგნობა საქართველოში ნაკლებად ცნობილი ფენომენია, მაგრამ სხვა ქვეყნებში ეს გამანადგურებელი ტრენდი, პერიოდულად, ფეხბურთის ფანებისათვის დიდ პრობლემადაც იქცევა ხოლმე.
ძალადობა, ფანებს შორის ჩხუბი, ალკოჰოლი, გამორჩეული ჩაცმულობის სტილი - ეს ყველაფერი საფეხბურთო ხულიგნობასთან დაკავშირებული ცნებებია. ტრენდი ინგლისში, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში პოპულარული გახდა და შეთანხმებული, სისტემატური ხასიათი მიიღო.
საფეხბურთო ხულიგნობა არის მიზანმიმართული, ძალადობრივი და დესტრუქციული ქცევა საფეხბურთო თამაშებსა და ღონისძიებებზე.
ხულიგნობის პირველი ფაქტები მე-19 საუკუნის მიწურულს, ინგლისში დაფიქსირდა, სადაც „პრესტონმა“ „ასტონ ვილა“ 5-0 დაამარცხა. ამ თამაშის შემდეგ, ფანებს შორის მასშტაბურ დაპირისპირებას საფუძველი ჩაეყარა. გულშემატკივრები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ ქვებით, ჯოხებით და ყველაფრით, რისი მოპოვებაც მოცემულ სიტუაციაში შეეძლოთ. მრავალი ადამიანი დაშავდა და ერთმა ცემისგან გონებაც კი დაკარგა.
შემდეგ წლებში, მსგავსი, შედარებით მცირემასშტაბიანი ინციდენტები ფანებს შორის პერიოდულად, რამდენჯერმე ხდებოდა. ფეხბურთის პოპულარიზაციასთან ერთად, ხულიგნობაც განვითარდა და 50-იან წლებში უკვე ამ პრობლემამ მედიის ყურადღებაც მიიქცია, მაგრამ საფეხბურთო ხულიგნობა პიკისგან მაშინ ჯერ კიდევ შორს იყო. 50-იანი წლების ბოლოს, საშუალოდ, წელიწადში მსგავსი შემთხვევების რიცხვმა 25-ს მიაღწია.
.png)
მალე ინგლისმა ხულიგნობით სახელი მთელ ევროპაში გაითქვა. ინგლისელი ფანები კვალს აბსოლუტურად ყველა ევროპულ ქალაქში ტოვებდნენ. სწორედ ამიტომ, ევროპამ საფეხბურთო ხულიგნობას „ინგლისური სენი“ შეარქვა.
70-იან წლებში საფეხბურთო ხულიგნებმა შექმნეს ფირმები, იგივე ხულიგანთა კავშირები, რომელთა იდენტიფიცირებაც შეიძლებოდა ემბლემებით, სიმბოლოებით, დროშებითა და ჩაცმულობით. ნელ-ნელა ძალადობის ფაქტები კიდევ უფრო გახშირდა და უკვე მსგავს დაპირისპირებებში ფატალურმა შემთხვევებმაც იმატა. ზოგიერთ გუნდს ეშინოდა კიდეც პირველ დივიზიაში დაწინაურების, რადგან ეს, ავტომატურად, ნიშნავდა ხულიგნურ ბრძოლებში აქტიურ ჩართვას. (პირველი დივიზიის კლუბების ფირმები განსაკუთრებულად გამოირჩეოდნენ ძალადობით).
.png)
1982 წელს „არსენალისა“ და „ვესტ ჰემის“ თამაშზე შექმნილ ქაოსსა და ბუნტს, ერთ-ერთი გულშემატკივარი შეეწირა.
თამაშების ჩაშლა, შავკანიანების ჩაგვრა, დამცირება და სისტემატური ძალადობა მოედნებსა და მოედნების გარეთ, მთავრობისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა ყურადღება მიექცია აღნიშნული პრობლემისთვის, სანამ 1985 წელს, ლუტონისა და მილვალის თამაშზე დიდმასშტაბიანი ბრძოლა არ გაჩაღდა. ამან, ომელმაც მედიის ყურადღება სწრაფად მიიქცია.
ფანები ცდილობდნენ მოედნიდან გაქცევას, მაგრამ შეტაკება გარდაუვალი იყო და მალე ორი კლუბის გულშემატკივრებმა მაყურებლის სკამები დაშალეს და ერთმანეთს დაერივნენ.
1985 წელს ბრიუსელში, “ჰაიზელის” სტადიონზე “ლივერპულის” ფანებმა იერიში მიიტანეს “იუვენტუსის” ფანებზე, რომელთაც გაქცევა ვერ შეძლეს. ინგლისელებმა იტალიელები კედელს მიაჭყლიტეს, რამაც ჯამში 39 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ჭყლეტვაში არასრულწლოვანი, 11 წლის გოგოც დაიღუპა.
(ფოტოზე გამოსახულია ჰეიზელის სტადიონის ინციდენტი)
1986 წელს “იუნაიტედისა” და “ვესტ ჰემის” დაპირისპირების შემდეგ, 8 ხულიგანი დააკავეს და ჯამში 51 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს.
1987 წელს “ვულვზის” ფანებმა მთელი ქალაქი დაიკავეს თამაშის წინ და 150 ათასი ევროს ოდენობის ზარალი მიაყენეს ქალაქს.
უამრავი მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდა ინგლისში 2 ათწლეულის განმავლობაში, რამაც, საბოლოო ჯამში, ასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. იმდენად პოპულარული გახდა ხულიგანთა მიმდინარეობა ინგლისში, რომ ფირმა არამარტო ზედა დივიზიის გუნდებს, არამედ ნახევრად პროფესიონალურ გუნდებსაც კი ჰყავდათ.
მთავრობამ გადაწყვიტა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად დაეწყო ხულიგნების გაფილტვრა და ცნობილ მოძალადეებს თამაშებზე აღარ უშვებდნენ. ხულიგნობასა და ფირმის საქმიანობაში მონაწილეობაზე მარგარეტ ტეტჩერმა თავისუფლების აღკვეთა დააწესა.
ახალ კანონებთან ერთად ინგლისში ხულიგნებმა ახალი სუბკულტურა ჩამოაყალიბეს - „casuals”, რაც ჩვეულებრივს, ტიპურს ნიშნავს. ფანებმა დაიწყეს ბრენდირებული ტანისამოსით გადაადგილება, რათა პოლიციის ყურადღება ნაკლებად მიექციათ. იარაღების მაგივრად დაიწყეს ქოლგების, მძიმე ქუდების ტარება, რომელთაც შემდგომ დაპირისპირებებში გამოიყენებდნენ. ჩვეულებრივები ძირითადად მოწინააღმდეგე გუნდის ფანებს შორის ერეოდნენ, აურზაურს ტეხდნენ. შემდეგ კი ხალხში მალევე იკარგებოდნენ. ფაქტობრივად, ხულიგნები თამაშებზე ფეხბურთის საყურებლად არ დადიოდნენ.
(ფოტოზე გამოსახულნი არიან casual-ები)
ხულიგნობის გამომწვევი მიზეზებია - ძალადობის მოთხოვნილება, დომინაციის მოპოვების სურვილი, პოლიტიკური და სოციალური შეხედულებები, ემოციური უკმაყოფილება, ბრბოს ფსიქოლოგია და ალკოჰოლი.
ხშირი იყო ინციდენტები გულშემატკივრებს შორის უგოლო თამაშების შემდეგ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ფანები თავიანთ ნებისმიერ უკმაყოფილებას ჩხუბითა და ძალადობით გამოხატავდნენ. ფაქტობრივად, მათ მიზეზი ყოველთვის ჰქონდათ ბუნტისთვის.
ძირითადად, ხულიგნობა იმ ქვეყნებში გავრცელდა ინგლისიდან, რომელთაც საფუძველი ჰქონდათ ქსენოფობიისა და რასიზმისათვის. მაგალითად, იუგოსლავიის დაშლის შემდეგ, ყოფილი იუგოსლავიის ქვეყნებში მალე გაპოპულარულდა და შეიქმნა ხულიგნური ფირმები, რომელთაც თავიანთი ზიზღი და აგრესია სხვა ეთნიკური ჯგუფების მიმართ, თამაშის მიმდინარეობის პროცესში გადაჰქონდათ.
90-იან წლებში ხულიგნობამ ფეხი მოიკიდა საფრანგეთშიც სოციალური მიზეზების გამო. შავკანიანთა რაოდენობამ და რასობრივმა დაძაბულობამ ქვეყანაში იმატა, რამაც რასისტები და მემარჯვენე ფრთა ხულიგნების სახელით გააერთიანა.
კვიპროსის ხულიგნურ ფირმებსაც სათავედ, ასევე პოლიტიკურ და სოციალურ საკითხებში უთანხმოება უდევს. “აპოელის” გულშემატკივრები მემარჯვენეები არიან, ხოლო “ომონიას” ფანები მემარცხენეები.
(სურათზე გამოსახულია აპოლო-ომონიას თამაშის მაყურებელი „ხულიგნები“)
თანამედროვე სამყაროში, ფირმები ასე თუ ისე, ისევ პოპულარულნი არიან და ისევ მრავლად არსებობენ, მაგრამ ძალადობის შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო. ამჯერად თუ კი ფირმები ერთმანეთს უპირისპირდებიან, ეს დაპირისპირება აღარ არის უშუალოდ სტადიონზე და სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, არამედ წინასწარ დათქმულ ლოკაციაზე, სადაც ორგანიზებულად მიდიან ორი კლუბის ხულიგნები და ერთმანეთს ფიზიკურად უსწორდებიან.
https://thesportjournal.org/article/soccer-hooliganism-in-england-between-the-wars/
https://www.grin.com/document/165038
0
0
სატყეო რეფორმის ძირითადი მიმართულებები
26/03/2026