
ხობის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქარიატას დამშრობი ქსელის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა გიგლა თამაზაშვილმა, საქართველოს პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლებისა, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა ქარიატას მასივის დამშრობი სისტემის სატუმბი სადგურის პროექტირება-მშენებლობის ტერიტორია.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად, 400 ჰექტარ მიწის ფართობზე დრენაჟის სერვისები გაუმჯობესდება.
გაღმა ქარიატას დამშრობი სისტემა და სატუმბი სადგური ექსპლუატაციაში 1980 წელს შევიდა და მისი ძირითადი დანიშნულება იყო სოფლის 397 ჰექტარი ფართობის მომსახურება. ამ ეტაპზე სისტემა არ მუშაობს, რადგან სატუმბი სადგური თავისი დამხმარე ნაგებობებით სრულად განადგურებულია.
პროექტის ფარგლებში, სატუმბი სადგური განთავსდება არსებული, ამორტიზებული სადგურის ადგილზე, სადაც მოწყობილია ბეტონის წყალშემკრები აუზი. გათვალისწინებულია აუზის სრული რეაბილიტაციაც.
პარალელურად, „საქართველოს მელიორაცია“ საკუთარი ძალებით ახორციელებს გაღმა ქარიატას მასივის დამშრობი სისტემის მაგისტრალური არხისა და კოლექტორების ქსელის გაწმენდით სამუშაოებს.
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და რეაბილიტაციის მიმართულებით, მსგავსი პროექტები მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მიწების დაცვას დატბორვისგან და რეგიონში სოფლის მეურნეობის განვითარებას.
0
0