05/12/2022
16:13
მსოფლიო
„სანამ უკრაინა სრულად არ გათავისუფლდება და კრემლის სამხედრო დამნაშავეები საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე არ წარსდგებიან, რუსეთის ფედერაციასთან რაიმე მიმართულებით საერთო ენის გამონახვა გამორიცხულია,“ - განაცხადა ევროპარლამენტარმა ურმას პაეტმა.
პაეტმა ეს განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
მაკრონმა დასავლეთს რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემის აუცილებლობის განხილვისკენ მოუწოდა, თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დასრულებაზე მოლაპარაკებებს დათანხმდება.
ესტონეთის ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა პაეტმა თქვა: „აი, რა შეიძლება ითქვას მაკრონის განცხადებაზე: პირველ რიგში, უკრაინა უნდა გახდეს სრულიად თავისუფალი და აკონტროლებდეს მთელ თავის ტერიტორიას; მეორე, რუსი სამხედრო დამნაშავეები უნდა წარსდგნენ საერთაშორისო ტრიბუნალის წინაშე და გასამართლდნენ; მესამე, რუსული წარმოშობის გაყინული აქტივები უნდა დაიხარჯოს უკრაინის აღდგენისთვის; და მეოთხე, რუსეთმა უნდა გამოხატოს სინანული [უკრაინაში შეჭრის გამო] და ბოდიში მოიხადოს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაისახოს სამომავლო გეგმები".
ლატვიის ვიცე-პრემიერის არტის პაბრიკსის განცხადებით კი, რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მინიჭება იქნება „პუტინის ნარატივის მახეში გაბმა, რომ ამ ომზე პასუხისმგებელნი არიან დასავლეთი და უკრაინა და რუსეთი არის [უდანაშაულო] მსხვერპლი“. იმავდროულად, ლიეტუის საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა „Twitter“-ში დაწერა, რომ რუსეთს ექნება უსაფრთხოების ყველა გარანტია, თუ ის არ თავს დაესხმება მეზობელ სახელმწიფოს ან მის ანექსიას არ მოახდენს.“
0
0