22/12/2022
23:26
სპორტი
როდესაც საქმე მიდგება ისეთ საერთაშორისო და მსოფლიოში გავრცელებულ სპორტზე, როგორიცაა ფეხბურთი, ყველა უკვე ზედმეტი ფიქრისა და საუბრის გარეშე ვთანხმდებით იმაზე, რომ აზიური ნაკრებები სხვა კონტინენტების წარმომადგენელ გუნდებთან შედარებით სუსტები არიან და ამ ფაქტს შეგუებულებიც ვართ, რადგან ეს ლოგიკურად მიგვაჩნია, მაგრამ რეალურად ეს საერთოდაც არ ჟღერს ლოგიკურად.
აზიაში ამჟამად 4.5 მილიარდ ადამიანზე მეტი ცხოვრობს, რაც საერთო ჯამში მთელი მსოფლიოს მაცხოვრებლების ნახევარზე მეტია. ამას დავუმატოთ ის, რომ აზიაში მრავალი კლუბია, რომელთაც წარმოუდგენლად დიდი ბიუჯეტი აქვთ (სწორედ ასეთ კლუბებში მიდის მრავალი ლეგენდარული მოთამაშე კარიერის ბოლო წლებში) - აზიას ყველანაირი საშუალება გააჩნია;
ამის მიუხედავად, ჯამში, მსოფლიოს ისტორიაში მხოლოდ და მხოლოდ ერთ აზიურ ნაკრებს აქვს მიღწეული ნახევარფინალამდე (სამხრეთ კორეას 2002 წელს) და ისიც კორუფციისა და დიდი სკანდალის ფონზე.
რა თქმა უნდა, ჩნდება კითხვა - თუ კი პრობლემა არც ბიუჯეტია და არც მოსახლეობის რაოდენობა, მაშინ რატომ უჭირთ ფეხბურთში კონკურენციის გაწევა აზიურ გუნდებს სხვა კონტინენტებისათვის?
კორუფცია, არანაირი კონკურენცია, სუსტი ლიგები, კულტურა და ისტორია - ეს ყველაფერი საერთო ჯამში აზიურ ფეხბურთზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს და ყველა სამომავლო პერსპექტივას უკლავს.
ყველაზე მეტს მსოფლიო ინდოეთისა და ჩინეთისგან ელის, რადგან ეს ორი ქვეყანა ყველაზე მეტად დასახლებულია მთელ მსოფლიოში და სტატისტიკურად ყველაზე დიდი შანსი სწორედ მათ აქვთ ვარსკვლავების აღზრდის. ამის მიუხედავად, ორივე ქვეყანას საკმაოდ დიდი პრობლემები აქვს საფეხბურთო საქმიანობაში.
ინდოეთის პრობლემა კორუფციული სისტემაა, რომლის დამარცხებაც თვით FIFA-მაც ვერ შეძლო. უკვე ათწლეულებია ინდოეთის საფეხბურთო ასოციაციას ერთი ადამიანი მართავს და 2020 წელს მან აღარც კი მიიღო მონაწილეობა ასოციაციის არჩევნებში და უბრალოდ 2 წლით გაიხანგრძლივა სტატუსი.
არსებულ პრობლემაზე FIFA-მ რეაგირება მოახდინა და ინდოეთის საფეხბურთო შიდასამზარეულოში ჩაერია, მაგრამ სიტუაცია იმდენად რთული და გამოუსწორებელი იყო, რომ ფიფამ AIFF (All India Football Federation) უბრალოდ ორგანიზაციიდან საერთოდ გარიცხა.
ინდოეთს ხშირად ფეხბურთის მძინარე გიგანტადაც მოიხსენიებენ ხოლმე, მაგრამ საშინელი შიდა სიტუაცია ფედერაციასა და ინდოეთის ეროვნულ ლიგაში ქვეყანას ყველანაირ სამომავლო პერსპექტივას უნგრევს.
ჩინეთისა და ფეხბურთის ურთიერთობა კიდევ უფრო საინტერესო და უცნაური საკითხია. 2011 წელს სი ძინპინმა, ჩინეთის პრეზიდენტმა გამოთქვა უტოპიური სურვილი ჩინური ფეხბურთის განვითარებისა - ჩინეთის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატისათვის კვალიფიკაცია, შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა და საბოლოოდ მსოფლიო ჩემპიონატის მოგება.
ჩინეთის მთავრობამ ამ ურთულესი მიზნისკენ სწრაფვა მალევე დაიწყო და დაწერა ფეხბურთის განვითარების გრძელვადიანი გეგმა 2016-2050. ჩინეთის სუპერლიგამ ძალიან დიდი ფინანსები ჩადო 2016-2017 წლის სატრანსფერო ფანჯარაზე და ჯამში 388 მილიონი დოლარი დახარჯა, რითაც აბსოლუტურად ყველა ლიგა დაჩრდილა.
ამხელა ხარჯების მიუხედავად, ჩინეთის მთავრობამ ვერანაირი ფინანსური სარგებელი ვერ ნახა, ამიტომ შემდეგ წელს ახალი წესდება შემოიღო, რის მიხედვითაც გუნდებს სატრანსფერო ფანჯარაზე აღარ შეეძლებოდათ 5 მილიონზე მეტის დახარჯვა. ის ოცნებები, რომლებიც სი ძინპინს ჰქონდა, ძალიან მალე ჩამოიშალა და დღესდღეობით ჩინური ლიგა და ჩინეთის ეროვნული ნაკრები ისევ ისეთ დონეზე დგანან, როგორც გეგმის დაწყებამდე იდგნენ.
(2016/2017 წლის სატრანსფერო ფანჯარაზე დახარჯული თანხები ლიგების მიხედვით)
რეალურად აზიური ფეხბურთის უმთავრესი პრობლემა რთული მეოცე საუკუნე და კულტურაა. მეოცე საუკუნის დასაწყისში, ინდოეთმა, რომელიც ჯერ კიდევ ბრიტანეთის კოლონია იყო, მრავალჯერ შეძლო წარმატების მიღწევა ფეხბურთში და მუნდიალის კვალიფიკაციაც არაერთხელ გაიარა წარმატებით.
1956 წელს ინდოეთმა ოლიმპიადის ნახევარფინალამდე მისვლაც კი მოახერხა. ამ სწრაფი წარმატების შემდეგ, ინდოეთმა დაღმასვლა დაიწყო, რაც განპირობებული იყო რთული ეკონომიკური მდგომარეობითა და სუსტი ეროვნული ლიგით.
საფეხბურთო კულტურის განვითარებას მრავალი თაობა სჭირდება, აზიურმა ქვეყნებმა კი ამ კუთხით განვითარება ევროპასა და სამხრეთ ამერიკაზე გვიან დაიწყეს.
ჩინეთში კულტურა და ღირებულებები კი სრულიად ჩრდილავს იმ დადებით მხარეს, რაც ქვეყანას გააჩნია - მოსახლეობის სიჭარბეს.
დაახლოებით 100 000 ადამიანიდან, ვინც ფეხბურთს სისტემატიურად თამაშობს, მხოლოდ ერთი ახერხებს პროფესიონალურ დონემდე მიღწევას. ჩინეთში სულ მცირედით ფეხბურთის წახალისებაც უკვე საგრძნობლად გააძლიერებდა მათ ნაკრებს, მაგრამ ჩინურ საზოგადოებაში არსებული დამოკიდებულებების გამო ფეხბურთისა და ზოგადად სპორტისადმი ხალხს სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს.
1-შვილიანი პოლიტიკის შემოღების შემდეგ, მშობლებსა და შვილებს შორის მოთხოვნები და ურთიერთობები საგრძნობად შეიცვალა - მშობლების უმრავლესობამ, დაიწყო შვილების მკაცრი აღზრდა და საგანმანათლებლო საკითხები პრიორიტეტად აქცია, როგორც სამომავლოდ მშვიდი ცხოვრების გარანტი.
ფეხბურთის და ზოგადად სპორტული კარიერა კი ძალიან რისკიანი და არაპროგნოზირებადია, ამიტომ ამ მხრივ ჩინელ მოზარდებს დღემდე არ აქვთ ხელშეწყობა ოჯახის მხრიდან, რაც კიდევ უფრო რთულს ხდის ჩინეთში ფეხბურთის განვითარებას.
საბოლოო ჯამში შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზიური ფეხბურთის განვითარებას კიდევ მრავალი ათწლეული დასჭირდება, რადგან დღესდღეობით თითქმის არცერთ აზიურ ქვეყანაში არ არის ის სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც აუცილებელი და საჭიროა ფეხბურთისათვის.
ავტორი: ალექსანდრე მთვრალაშვილი
ბმულები:
https://olympics.com/en/news/indian-football-team-national-olympics-history-1948-1952-1956-1960
https://www.dw.com/en/how-china-wants-to-become-a-football-heavyweight/a-63652825
0
0