27/05/2023
13:21
პოლიტიკა
“მე, რა თქმა უნდა, ქალბატონ პრეზიდენტს არ ვუპასუხებ ამ ტრიბუნიდან - მინდა, მას წარმატებული დღე ვუსურვო”, ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
“მე, რა თქმა უნდა, ქალბატონ პრეზიდენტს არ ვუპასუხებ ამ ტრიბუნიდან - მინდა, მას წარმატებული დღე ვუსურვო. ერთი რამ მინდა აღვნიშნო, ჩვენ გვაქვს საზეიმო განწყობა, ჩვენ გუშინ განსაკუთრებულად აღვნიშნეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და მე, როგორც რიგით მოქალაქეს, მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ მინიმუმ ამ დღეს ვერთიანდებით. ეს დღე უნდა იყოს ურთიერთპატივისცემის, სიყვარულის გამოხატულების დღე და ეს უნდა იყოს გამაერთიანებელი დღე. ეს იქნებოდა ჩემი პასუხი.
რაც შეეხება პროტოკოლის წესებს, მთავრობას ჰყავს პროტოკოლის სამსახურის ძალიან კვალიფიციური უფროსი, ბატონი დავით ზანთარაია მინდა მას მადლობა გადავუხადო. ასევე ბატონი ილია დარჩიაშვილის უწყების თანამშრომლებს მინდა მადლობა გადავუხადო" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც ცნობილია, დიასპორის დღეზე საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ საგარეომ პროტოკოლი კიდევე ერთხელ დაარღვია - "ეს არ არის რომ მე ასე მინდა - სკამი იქით დამიდეთ, ან გადადექი, ჩაიჩოჩე-ჩამოიჩოჩე და ეს არ არის პრეზიდენტის შეურაცხყოფა, ეს არის დარღვევა პროტოკოლის".
გარდა ამისა, პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას, 26 მაისის ღონისძიების ეპიზოდი გაიხსენა და თავდაცვის მინისტრი, ასევე პროტოკოლის დარღვევაში დაადანაშაულა.
27 მაისი ქართული დიასპორის დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქართული დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმს - “ძლიერი დიასპორა საქართველოს ერთიანობის, მშვიდობისა და ევროპული მომავლისთვის” დაესწრნენ.
0
0