27/06/2023
12:02
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 26 ივნისს, საღამოს, მოსახლეობისადმი მიმართვაში აღიარა სამხედრო მფრინავების დაღუპვა გასამხედროებული ჯგუფის, "ვაგნერის" ლიდერის, ევგენი პრიგოჟინის ამბოხებისას. მანამდე ამ ცნობას ოფიციალურად არ ადასტურებდნენ.
"დაცემული მფრინავების სიმამაცემ დაიცვა რუსეთი", - განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, "ვაგნერის" მებრძოლების გამოყენებას მათგან უჩუმრად შეეცადნენ. ამასთან, პუტინმა მადლობა გადაუხადა მეომრებს, რომლებმაც "მიიღეს ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება" და "გაჩერდნენ უკანასკნელ ზღვართან". პუტინმა მათ შესთავაზა რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტის გაფორმება, ნათესავებთან დაბრუნება ან ბელარუსში წასვლა.
"ვისაც სურს, შეძლებს ბელარუსში წასვლას. ჩემი პირობა შესრულდება. ვიმეორებ, არჩევანი თქვენზე - თუმცა დარწმუნებული ვარ, ეს იქნება რუსეთის იმ მეომართა არჩევანი, რომლებმაც გაიაზრეს თავიანთი ტრაგიკული შეცდომა", - თქვა პუტინმა.
მისი თქმით, სისხლის ღვრის თავიდან აცილებაზე მიმართული ნაბიჯები მისი ბრძანებით გაიცემოდა 24 ივნისის მოვლენების დაწყებიდანვე.
"ამისთვის საჭირო იყო დროც, მათ შორის იმისთვის, რომ გამოფხიზლების საშუალება ჰქონოდათ მათ, ვინც შეცდომა დაუშვეს, რათა მათ გაეგოთ ის, რომ მათ მოქმედებებს გადაჭრით უარყოფს საზოგადოება და ის, თუ რაოდენ ტრაგიკულ, რუსეთისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის დამანგრეველ შედეგებამდე მიდის ავანტიურა, რომელშიც ისინი ჩაიყოლეს", - აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.
პუტინი მიიჩნევს, რომ ამბოხების შეჩერებაში გადამწყვეტი როლი შეასრულა რუსეთის მოსახლეობის პატრიოტულმა განწყობამ, მთელი საზოგადოების კონსოლიდაციამ. მან დადებითად მოიხსენია ბელარუსის ლიდერი ალიაქსანდრ ლუკაშენკო, "მისი ძალისხმევისთვის და წვლილისთვის ვითარების მშვიდობიანად გადაწყვეტაში".
რუსეთის პრეზიდენტის მიმართვა ხუთ წუთზე ცოტა მეტ ხანს გაგრძელდა, მისთვის "პირველ არხზე" ეთერი შეწყვიტეს.
პუტინს არ უხსენებია "ვაგნერის" ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი, თუმცა თქვა, რომ ამბოხების ორგანიზატორებმა რუს ხალხს უღალატეს. პუტინის თქმით, რუსეთში შანტაჟის ან მღელვარების გამოწვევის ყველა მცდელობა "მარცხისთვისაა განწირული" და დასავლეთს სურდა, რუსებს "ერთმანეთი დაეხოცათ".
0
0