17/02/2022
19:15
პოლიტიკა
შეხვედრაზე, რომელსაც ლევან დავითაშვილთან ერთად ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები – გენადი არველაძე და ირაკლი ნადარეიშვილი, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური და ბიზნესომბუდსმენი ოთარ დანელია, განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროექტი, რომელიც ეკონომიკური ზრდის დაჩქარებისა და საჯარო, კომუნალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას გულისხმობს. აღნიშნული ინიციატივით პრემიერ-მინისტრი 14 თებერვალს მთავრობის სხდომაზე გამოვიდა.
„კერძო სექტორთან ვისაუბრეთ ბევრ დეტალზე, ბევრ ვერსიაზე, განიხილება სხვადასხვა შესაძლებლობა და ვარიანტი, იყო საინტერესო მოსაზრებები დეველოპერული და სამშენებლო კომპანიების მხრიდან, იყო მოსაზრებები ბანკების მხრიდან, მათ შორის, საუბარია გრძელვადიანი ხელშეკრულებების პირობებში გარკვეული დაცულობის, დაზღვევის ელემენტებზე, ეს შეიძლება იყოს საფინანსო ინსტრუმენტები, რომლებსაც გამოვიყენებთ მუშაობის პროცესში. ბევრი ტექნიკური დეტალი, რა თქმა უნდა, დაზუსტდება და ვფიქრობთ, რომ ძალიან სწრაფად უნდა ვიმუშაოთ – შემდეგში გვექნება უკვე ჩამოყალიბებული პროექტების სხვადასხვა ვარიანტის განხილვა იმისთვის, რომ შეჯერებული პროექტი გვქონდეს და საბოლოოდ მთავრობამ მიიღოს გადაწყვეტილება, რომ პროგრამა ამოქმედდეს რაც შეიძლება მოკლე დროში“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
მისი თქმით, ეს პროგრამა არის დამატებითი შესაძლებლობა, კერძო სექტორში მოვიზიდოთ დაახლოებით ერთი მილიარდი ლარი – ეს შეიძლება იყოს ფინანსები, რომელსაც საბანკო სექტორი გამოყოფს.
„მილიარდი ლარი არის ეკონომიკის მნიშვნელოვანი, დამატებითი ზრდა, მით უმეტეს, როცა ვსაუბრობთ სამშენებლო სექტორზე, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, იყენებს ადგილობრივ ნედლეულს და მასალებს. მნიშვნელოვანია, რომ აქ არის დასაქმების მთელი ჯაჭვი, რომელიც უკავშირდება ადგილობრივ წარმოებას“ – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის ინფორმაციით, პროგრამის მოსამზადებლად შედგა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ასოციაციები, ასევე ინდივიდუალურად კომპანიები, რომლებსაც ექნებათ ამის სურვილი. სამუშაო ჯგუფში როგორც ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან, ასევე სხვადასხვა უწყებიდან იქნებიან წარმოდგენილნი კონკრეტული ადამიანები და ჯგუფი ძალიან აქტიურ რეჟიმში იმუშავებს იმისთვის, რომ სწრაფად მოხდეს პროექტის საბოლოო სახით ჩამოყალიბება და წარდგენა საქართველოს მთავრობისთვის.
0
0