
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპასა და ცენტრალურ აზიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს კეთილდღეობის საკითხებში - აბებე ადუგნას შეხვდა.
საუბარი შეეხო საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის მრავალწლიან ნაყოფიერ პარტნიორობას, რომელმაც ხელი შეუწყო ქვეყანაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას.
ხაზი გაესვა მსოფლიო ბანკის ანალიტიკური კვლევების მნიშვნელობას მდგრადი ეკონომიკური ზრდისა და შრომის ბაზრის განვითარების კუთხით. ყურადღება დაეთმო ბანკის ჩართვას საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის, მათ შორის საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკის, განათლების, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროების განვითარებაში.
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ამ ეტაპზე საქართველოში დაახლოებით 1.3 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების 10 პროექტი ხორციელდება.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.
ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
0
0