04/11/2023
22:29
მსოფლიო
უკრაინის უშიშროების სამსახურმა და გენერალურმა პროკურატურამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, რუსეთის პატრიარქი ეჭვმიტანილად გამოცხადდა უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით.
უკრაინის საგამოძიებო სამსახურების ინფორმაციით, ვლადიმერ გუნდიაევი, იგივე პატრიარქი კირილი ხელს უწყობს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ აგრესიას და უარყოფს ოკუპანტების სამხედრო დანაშაულებს.
გამოძიების თანახმად, კირილი რუსეთის უმაღლესი სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის ახლო წრის წევრია და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც საჯაროდ დაუჭირა მხარი უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან ომს.
"პროპაგანდის გასავრცელებლად ის მასიურად იყენებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მის კონტროლს დაქვემდებარებული რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის რელიგიურ თემებს, ასევე უკრაინის რუსული ეკლესიის წარმომადგენლებს.
რეგულარულად ავრცელებს კრემლის ნარატივებს ონლაინ ქადაგებების, ან საკუთარი ვიდეო კომენტარების სახით.
არაერთხელ მისცა კომენტარები რუსეთის ცენტრალური ტელეარხების პროპაგანდისტებს, სადაც იგი მხარს უჭერდა კრემლის აგრესიულ პოლიტიკას და მოუწოდებდა მორწმუნეებს გაერთიანებულიყვნენ უკრაინის წინააღმდეგ ომში.
SBU-მ დაადასტურა რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის დანაშაულებრივი ქმედების ფაქტები." ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
გუნდიაევი ეჭვმიტანილია: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეუხებლობის ხელყოფაში; რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული აგრესიის ლეგიტიმურად აღიარებაში, აგრესიული ომის დაგეგმვა- მომზადება- დაწყება -წარმოებაში.
უკრაინის უშიშროების ინფორმაციით, მიმდინარეობს ყოვლისმომცველი ღონისძიებები უკრაინის სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის ჩართული პირის [კირილის] პასუხისგებაში მიცემის მიზნით.
ცნობისთვის, რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინამ 70 სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის ეკლესიას დაქვემდებარებული სასულიერო პირების წინააღმდეგ. მათგან, 16 მიტროპოლიტია.
0
0