
რა ფორმაში ხვდება "ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებს და ინარჩუნებს თუ არა, მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს - ამ კითხვის საპასუხოდ, "ნაციონალურ მოძრაობის" თავმჯდომარე "ღამის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ ნებისმიერი კვლევით, "ნაციონალური მოძრაობა" კვლავ ინარჩუნებს მთავარი ოპოზიციური პარტიის სტატუსს.
ბოკუჩავას განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში "ნაციონალური მოძრაობა" გამარჯვებასა და პროდასავლურ პარტიებთან კოალიციურად მთავრობის ჩამოყალიბებას გეგმავს.
"მე არ მინდა უსაფუძვლო ბრალდებებს ვუპასუხო, განსაკუთრებით სხვადასხვა ოპოზიციონერის მხრიდან. ამაზე, სხვათა შორის, იმ უფრო მწვავე მომენტებშიც კი მაქსიმალურად ვიკავებდი თავს, იმიტომ რომ ჩემი ძალიან შეგნებული არჩევანია, რომ ოპოზიცია იყოს მაქსიმალურად კონსოლიდირებული იმ არჩევნებზე, როდესაც მე ვფიქრობ, რომ წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი, სად იცხოვრებენ ჩვენი შვილები, ამიტომ მე ამ ერთიანობის სულისკვეთებით ვმსჯელობ...
რაც შეეხება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერშიფს, ასევე შემიძლია გითხრათ სრული პასუხისმგებლობით, განსაკუთრებით დღევანდელი გადმოსახედიდან, რისი პრივილეგიაც მე ნამდვილად არ მქონდა რამდენიმე თვის წინ, როდესაც მათ შორის ეს განცხადებები კეთდებოდა, რადგან მე მაშინ არ ვიყავი თავმჯდომარე. დღეს, როგორც პარტიის თავმჯდომარემ შემიძლია გითხრათ, რომ პარტიულ გადაწყვეტილებებს ვიღებ მე, პოლიტსაბჭოსთან კონსულტაციითა და პრეზიდენტ სააკაშვილის ძალიან აქტიური ჩართულობით. ეს არის ის გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რომელიც არსებობს ენმ-ში, რომლითაც ვიხელმძღვანელეთ, მათ შორის, ჩვენი პროგრამის შედგენაზე". - ასე უპასუხა ენმ-ს თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ რუსთავი 2-ის ეთერში წამყვანის დასმულ კითხვას, არის თუ არა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში” ჩრდილოვანი მმართველობა, როგორც ამას პარტიიდან წასული ადამიანები აცხადებდნენ.
0
0