12/12/2023
15:34
მსოფლიო
პაკისტანში, პოლიციის შენობაზე ბოევიკების თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 23 ჯარისკაცი დაიღუპა და ათობით დაშავდა.
BBC-ს ინფორმაციით, ინციდენტი ავღანეთის საზღვართან, დერა ისმაილ ხანის რაიონში მოხდა - მანქანა, რომელშიც ასაფეთქებელი ნივთიერება იყო დამონტაჟებული, პოლიციის შენობას შეეჯახა. ტერორისტულ თავდასხმას შენობის ნგრევა მოჰყვა. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანში მოქმედ თალიბანის მოძრაობასთან დაკავშირებულმა მებრძოლმა დაჯგუფებამ Tahreek-e-Jihad Pakistan-მ (TJP) აიღო. აღნიშნული ობიექტი პაკისტანის არმიის საბაზო ბანაკად გამოიყენებოდა. ისლამისტური დაჯგუფება Tahreek-e-Jihad Pakistan-ი 2023 წლის დასაწყისში შეიქმნა.
ოფიციალური პირის თქმით, არსებობს საშიშროება, რომ შესაძლოა დერა ისმაილ ხანის რაიონში მდებარე კომპლექსის შიგნით შენახული საბრძოლო მასალაც აფეთქდეს. სამხედროების თქმით, 6 ტერორისტი დაიღუპა. სამხედრო ოპერაციების შედეგად, სულ 27 ბოევიკი მოკლეს. თავდასხმა დაგმეს პაკისტანის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ანვაარ ულ-ჰაკ კაკარმა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა სარფრაზ ბუგტიმ.
მას შემდეგ, რაც ისლამისტურმა დაჯგუფებამ Tehrik-i-Taliban Pakistan-მ (TTP) გასულ წელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია, პაკისტანში ბოევიკთა ჯგუფების თავდასხმები გახშირდა, განსაკუთრებით ავღანეთთან მის სასაზღვრო რეგიონებში. ექსპერტების განცხადებით, Tehrik-i-Taliban Pakistan-ი ავღანეთში მოქმედი თალიბების ხელშეწყობით გაძლიერდა.
ისლამაბადის მტკიცებით, მეამბოხეები საზღვრის მიღმა ტერიტორიებიდან მოქმედებენ. ავღანეთში მოქმედმა თალიბანმა კი ეს არაერთხელ უარყო. მეამბოხეთა დაჯგუფება Tehrik-i-Taliban Pakistan-ს პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში შარიათის კანონის ინტერპრეტაციის დაწესება სურს.
0
0