
ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი იმედოვნებს, რომ გლდანში მომხდარი ინციდენტი ნიკა მელიას და მისი თანმხლები პირების ხელმეორე დაკავების საფუძველი არ გახდება.
აღნიშნულის შესახებ ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა ჟურნალისტებს თბილისის მთავარ სამმართველოსთან განუცხადა, სადაც გლდანში მომხდარ ინციდენტზე დაკავებულ პირებს, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძეს და ზვიად კუპრავას შეხვდა.
როგორც ადვოკატი განმარტავს, სამივე დაკავებული პირი უარყოფს რაიმე სახის ძალადობის განხორციელებას პოლიციის თანამშრომლებზე. მისვე თქმით, უბრალოდ მოხდა სიტუაციის ესკალაცია და იყო ემოციური ფონი.
„რა თქმა უნდა, მათი მხრიდან გარკვეული პრეტენზიები იყო გამოთქმული სამართალდამცველი ორგანოების მიმართ, ვინაიდან მოგეხსენებათ, როდესაც 30-40 ადამიანი ბანდფორმირების სახით ხელკეტებით შეიარაღებული მიუვარდება საცხოვრებელ ადგილას პირებს, იძალადებენ და ამაზე პოლიციას მყისიერი რეაქცია არ აქვს, ეს თავისთავად იწვევს ეჭვს, რომ ეს არის ორგანიზებული, წახალისებული და იმის ნაცვლად, რომ ამ პირების დაკავება მყისიერად მომხდარიყო ძალიან ოპერატიულად დააკავეს ნიკა მელია და მისი თანმხლები პირები“, - განაცხადა კონდახიშვილმა.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, დაკავებულების მიმართ ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს და დაელოდებიან, როდის მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტრო სასამართლოს.
ამასთან როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ნიკა მელიას გარკვეული დაზიანებები აღენიშნება.
„მე გუშინაც აღვნიშნე, რომ მას გარკვეული დაზიანებები აღენიშნება. ტანსაცმელი მთლიანად აქვს შემოხეული, მრავალი საათის განმავლობაში საკმაოდ მჭიდროდ ჰქონდა მოჭერილი ხელბორკილები, ორივე მაჯის არეში არის შეშუპება, ასევე სხვადასხვა დაზიანებები, რომელიც, სავარაუდოდ, დაკავების დროსაა მიღებული”, -განაცხადა კონდახიშვილმა.
ცნობისთვის დღეს შსს-მ გაავრცელა განცხადება. პოლიციამ გლდანში მომხდარი ჯგუფური ძალადობის ფაქტზე 6 პირი დააკავა.
ინფორმაციისთვის, გუშინ გლდანში, თბილისის საკრებულოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს, ირაკლი ეძგვერაძეს თავს დაესხნენ.
მოგვიანებით, ადგილზე ვითარება დაიძაბა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ 3 პირი - პარტიის წევრები ნიკა მელია, ზვიად კუპრავა და ბაჩო დოლიძე დააკავა.
შსს-მ ეძგვერაძეზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო, ხოლო ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებული.
თბილისის საკრებულოში „ქართული ოცნების“ დეპუტატი კოტე ზარნაძე ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ეძგვერაძემ „ნება უნდა იბოძოს და მტკიცებულება დადოს“.
0
0
ყაზახეთში ლგბტ პროპაგანდა აკრძალეს
30/12/2025