
Reuters-ის ინფორმაციით, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ უარყო ინფორმაცია, რომ, წინა დღით, ის აშშ-ის რესპუბლიკელ პრეზიდენტობის კანდიდატს დონალდ ტრამპს ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლებაზე მოლაპარაკებების შესახებ ესაუბრა.
„მედიაში გავრცელდა დეზინფორმაცია - 14 აგვისტოს, პრემიერ-მინისტრს ბენიამინ ნეთანიაჰუს აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან არ უსაუბრია“, - ნათქვამია ნეთანიაჰუს ადმინისტრაციის განცხადებაში.
Axios-მ ორი ამერიკული წყარო დაასახელა, რომელთა თანახმად, ტრამპმა ნეთანიაჰუს კონფლიქტურ მხარესთან შეთანხმების დადება ურჩია, თუმცა წყაროებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ დაუზუსტებელია, ნამდვილად ისაუბრეს თუ არა აღნიშნულ საკითხზე აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და ნეთანიაჰუმ. ტრამპის წარმომადგენელმა Reuters-ს კომენტარის გაკეთების მოთხოვნაზე უარი განუცხადა.
როგორც ცნობილია, 15 აგვისტოს, ეგვიპტემ, შეერთებულმა შტატებმა და კატარმა ღაზას სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების ახალი რაუნდის გამართვა დაგეგმეს.
0
0