
ნატო-სა და საქართველოს ურთიერთობები, რა კეთდება საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად და როგორია საქართველოს წევრობის პერსპექტივა. ამ საკითხებზე საქართველოს პირველი არხი ესაუბრა სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ხავიერ კოლომინას, რომელიც საქართველოში ვიზიტით გასულ კვირას იმყოფებოდა.
ნატო-ს მაღალჩინოსნის განცხადებით, საქართველოსა და ნატო-ს ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ.
"საუბარი მაქვს პრაქტიკულ თანამშრომლობაზე იმ არხებით, რომლებსაც სამხედროები იყენებენ. ჩვენ ვმუშაობთ ძალიან ბევრ სფეროში, მათ შორის კიბერუსაფრთხოების სფეროში, ჰიბრიდულ საფრთხეებზე და საზღვაო უსაფრთხოების სფეროში, სპეციალური ოპერაციების ძალების კუთხით. ჩვენ შესანიშნავ სამუშაოს ვასრულებთ, რათა საქართველოს შეიარაღებული ძალები იყოს უფრო მეტად თავსებადი ნატო-ს ძალებთან და რომ გაიზარდოს მათი პროფესიონალიზმი. ჩვენ გაწეული სამუშაოთი ძალზე კმაყოფილი ვართ. შესაბამისად, საქართველოსთან ურთიერთობა ძალიან კარგ დონეზეა. ეს ასე იყო ბოლო წლებშიც. ამჟამად ჩვენ მოხარული ვართ ევროკავშირის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, რომ საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ეს შესანიშნავი ამბავია საქართველოსთვის, ასევე, საერთაშორისო საზოგადოებისთვისაც. კერძოდ კი, ისეთი ორგანიზაციებისთვის, როგორიცაა ნატო, რომელიც დიდად აფასებს საქართველოსთან არსებულ პარტნიორობას და გვჯერა, რომ ეს პარტნიორობა რაც შეიძლება მტკიცე უნდა გავხადოთ.
ჩვენ გვჯერა ღია კარის პოლიტიკის, რომელიც ნატო-ს სადამფუძნებლო ვაშინგტონის შეთანხმებაშია გაწერილი. ნატო ერთგულია 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებისა, რომელშიც მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ საქართველო და უკრაინა რაღაც მომენტში გახდებიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები. ეს არის პროცესი, რომელიც უნდა წარიმართოს, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ალიანსმა უნდა მიიღოს, ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომ საქართველოს ალიანსში ინტეგრაცია მოხდეს. მაგრამ როგორც ვთქვი, პრაქტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან ძალიან კარგად მიმდინარეობს. ჩვენ გვსურს, ვიხილოთ ის რეფორმები, რომელთა იმპლემენტაციასაც ვითხოვდით და ამავე დროს ევროკავშირს აქვს საკუთარი მოთხოვნები. ჩვენ ერთობლივად ვმუშაობთ, რათა ვიხილოთ საქართველოს მიერ ევროატლანტიკური გზის შესრულება." - განაცხადა კოლომინამ პირველ არხთან ინეტრვიუში.
0
0