
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ სომხეთის დედაქალაქ ერევანში გამართულ შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) მმართველთა საბჭოს 27-ე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების სტუმრებს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მიესალმა.
ღია სესია ასევე მოიცავდა მმართველთა საბჭოს თავმჯდომარის, შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის (BSTDB) პრეზიდენტის სერჰატ ქოსალის, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან (BSEC) დაკავშირებული ორგანოების და დამკვირვებელი ინსტიტუტების გამოსვლებს.
ნათია თურნავას განცხადებით, გეოპოლიტიკურმა გამოწვევებმა გასული წლები რთულად გადასალახი გახადა, განსაკუთრებით ამ ბანკისთვის, რომელიც ყველაზე მეტად არის დამოკიდებული რეგიონში განვითარებულ მოვლენებზე.
„ამიტომ მნიშვნელოვანია პატივისცემით ვახსენოთ ბანკისა და მისი პასუხისმგებელი აქციონერების ძალისხმევა. მჯერა, რომ აქციონერები გააგრძელებენ ამ პროცესის მართვას იმავე პასუხისმგებლობით, სიფრთხილითა და ერთგულებით, რაც აქამდე ახასიათებდა ჩვენს საერთო ძალისხმევას,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.
სომხეთში გამართულ შეხვედრებში ასევე მონაწილეობდა ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე.
BSTDB-ის მმართველთა საბჭოს 27-ე შეხვედრის ფარგლებში ბიზნეს ფორუმი გაიმართა. ფორუმის ძირითადი სადისკუსიო თემები შავი ზღვის რეგიონში მცირე ეკონომიკებისთვის მდგრადობის მხარდაჭერას და BSTDB-თან პარტნიორობის ფარგლებში შეხედულებებისა და გამოცდილების გაზიარებას უკავშირდებოდა.
ბიზნეს ფორუმი სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ვაჰაგნ ხაჩატურიანის საზეიმო მიმართვით გაიხსნა.
ღონისძიებაში სხვადასხვა ქვეყნის მთავრობისა და ცენტრალური ბანკების მაღალი თანამდებობის პირები, საერთაშორისო ინსტიტუტებისა და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკი(BSTDB) წარმოადგენს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტს. ბანკის დამფუძნებლები არიან: ალბანეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბულგარეთი, საქართველო, საბერძნეთი, მოლდოვა, რუსეთი და რუმინეთი. BSTDB ხელს უწყობს მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკურ განვითარებასა და რეგიონალურ თანამშრომლობას სესხების გაცემის, საკრედიტო ხაზების, პროექტებისთვის გარანტიისა და სახელმწიფო და კერძო სექტორებში სავაჭრო დაფინანსების მეშვეობით.
ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
0
0