
ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული 11 პირის, მათ შორის, მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე და იუმორისტი ონისე ცხადაძე სასამართლომ კვლავ პატიმრობაში დატოვა.
აღნიშნული გადაწყვეტიელბა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ მიიღო.
დღევანდელ სხდომაზე დაკავებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯა და ძალაში დარჩა.
პროკურატურა ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის კვლავ გამოყენებას ითხოვდა. როგორც პროკურორები აცხადებდნენ, დაკავებულების მხრიდან მიმალვისა და ახალი დანაშაულის საფრთხე კვლავ არსებობს, რის გამოც, ისინი პატიმრობაში უნდა დარჩენილიყვნენ.
დაცვის მხარე კი ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდნენ, სასამართლოს კი ალტერნატივის სახით გირაოს სთავაზობდნენ, რის განსაზღვრასაც მას მიანდობდნენ.
რაც შეეხება მტკიცებულებათა დასაშვებობის საკითხს, ეს მომდევნო სხდომაზე, რომელიც 10 მარტს გაიმართება, გადაწყდება.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული მსახიობის, ანდრო ჭიჭინაძის, იუმორისტ ონისე ცხადაძისა და კიდევ 9 პირის საქმე ერთ წარმოებად გაერთიანდა.
დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
0
0