მოზამბიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე ბორანის ჩაძირვის შედეგად, 90-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ნამპულას პროვინციის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ბორტზე მყოფი 130-მდე ადამიანიდან 5 გადარჩინეს.
ნამპულის პროვინციის სახელმწიფო მდივნის, ხაიმე ნეტოს თქმით, მგზავრები ქოლერის ეპიდემიას გაურბოდნენ; დაღუპულთა შორის ბევრი ბავშვია.
„ბორანის ჩაძირვა გამოიწვია მისმა გადატვირთულობამ და, ასევე, ის არ იყო განკუთვნილი მგზავრების გადასაყვანად“, - თქვა ნეტომ.
ბორანი ლუნგიდან მოზამბიკის კუნძულისკენ, ნამპულას სანაპიროსკენ, მიემგზავრებოდა. ნამპულა ქოლერის ეპიდემიით ერთ-ერთი ყველაზე მეტად დაზარალებული პროვინციაა. სამხრეთ აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში ქოლერა 2023 წლის იანვრიდან გავრცელდა. 2023 წლის ოქტომბრიდან, მოზამბიკმა ქოლერის 13,700 დადასტურებული შემთხვევა და 30 ადამიანის გარდაცვალება გამოაცხადა.
0
0