
საქართველომ ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ზომების გასაძლიერებლად ნაბიჯები გადადგა, თუმცა გარკვეული ხარვეზების მოგვარება მაინც საჭიროა, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ზომების შეფასების ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი.
ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, ამ მიმართულებით საქართველომ „შეზღუდული პროგრესი“ განიცადა.
„MONEYVAL-ი ადგენს, რომ ტექნიკური შესაბამისობის ზოგიერთი ხარვეზის აღმოფხვრაში საქართველომ შეზღუდული პროგრესი განიცადა, რაც გავლენას ახდენს ფინანსური მოქმედების სამუშაო ჯგუფის (FATF) სტანდარტების გამოყენებაზე. საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი არ იყო საკმარისი ამ რეკომენდაციის გაუმჯობესების მისანიჭებლად და საქართველოს კვლავ რჩება „ნაწილობრივ შესაბამისის“ შეფასება“, – ნათქვამია ანგარიშში.
მათივე ცნობით, საერთო ჯამში, 40 რეკომენდაციიდან საქართველოს შეფასება ასეთია:
შვიდი რეკომენდაციის შესაბამისი;
24 რეკომენდაციის ძირითადად შესაბამისი;
რვა რეკომენდაციის ნაწილობრივ შესაბამისი;
ერთი რეკომენდაციის შეუსაბამო, რომელიც არაკომერციულ ორგანიზაციებს ეხებოდა.
ცნობისთვის, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების საწინააღმდეგო ღონისძიებების შეფასების ექსპერტთა კომიტეტი (MONEYVAL) არის ევროპის საბჭოს მონიტორინგის ორგანო და ფინანსური ქმედებების სამუშაო ჯგუფის სტილის რეგიონული ორგანო, რომელიც აფასებს ფულის გათეთრების, ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ძირითად საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას, ასევე მათი განხორციელების ეფექტურობას.
0
0