
რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის კოლონიაში გარდაცვალების ამბავს მსოფლიო ლიდერები, ჟურნალისტები და საზოგადო მოღვაწეები ეხმაურებიან.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი:
„ალექსეი ნავალნი იბრძოდა თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულებებისთვის. თავისი იდეალების სახელით მან თავი გაიღო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს და მათ, ვინც იბრძვის დემოკრატიისთვის მთელ მსოფლიოში ყველაზე ბნელ ვითარებაში. ჯარისკაცები იღუპებიან, მაგრამ თავისუფლებისთვის ბრძოლა არასოდეს მთავრდება“.
ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა:
„მსოფლიომ დაკარგა მებრძოლი, რომლის გამბედაობაც თაობებს ექოდ გადაეცემა. შეშფოთებული ვარ სახაროვის პრემიის ლაურეატის, ალექსეი ნავალნის სიკვდილით. რუსეთმა წაართვა მას თავისუფლება და სიცოცხლე, მაგრამ არა ღირსება. მისი ბრძოლა დემოკრატიისთვის გრძელდება. ჩვენი ფიქრები მის ცოლ-შვილზეა“.
ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი რიში სუნაკი:
„საშინელი ამბავია. როგორც რუსული დემოკრატიის ყველაზე მგზნებარე დამცველი, ალექსეი ნავალნიმ წარმოუდგენელი გამბედაობა გამოიჩინა მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე. ჩემი ფიქრები მის მეუღლესთან და რუსეთის ხალხთანაა, ვისთვისაც ეს უდიდესი ტრაგედიაა“.
ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩი:
„რაც არ უნდა იფიქროთ ალექსეი ნავალნიზე, როგორც პოლიტიკოსზე, ის უბრალოდ სასტიკად მოკლა კრემლმა. ეს ფაქტია და ეს არის ის, რაც თქვენ უნდა იცოდეთ დღევანდელი რუსული რეჟიმის ჭეშმარიტი ბუნების შესახებ. ვუსამძიმრებ ოჯახს და მეგობრებს."
ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა:
„ალექსეი ნავალნი ციხეში არ მომკვდარა, ის მოკლა კრემლის სისასტიკემ და მისმა მიზანმა ნებისმიერ ფასად ოპოზიცია გაეჩუმებინა. რუსეთის რეჟიმს უნდა შეექმნას შედეგები. მან პასუხი უნდა აგოს“.
NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, რუსეთმა უნდა უპასუხოს ყველა სერიოზულ კითხვას რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის გარდაცვალების გარემოებების შესახებ.
"ჩვენ უნდა დავადგინოთ ყველა ფაქტი და რუსეთმა უნდა უპასუხოს ყველა სერიოზულ კითხვას მისი გარდაცვალების გარემოებების შესახებ". - თქვა სტოლტენბერგმა.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი პატიმრობაში გარდაიცვალა. ინფორმაცია რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურმა გაავრცელა.
"16.02.2024 წელს N3 გამოსასწორებელ კოლონიაში პატიმარმა ნავალნი ა.ა.-მ გასეირნების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო, ფაქტობრივად, პირდაპირ დაკარგა გონება". - ნათქვამია რუსეთის აღსრულების ფედერალური სამსახურის განცხადებაში.
0
0