
მონაკოში, საფრანგეთის საზღვართან მდებარე საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად დაშავებულთა შორის უკრაინელი ოლიგარქი ვადიმ ერმოლაევი, მისი მეუღლე და 13 წლის შვილი არიან.
უკრაინული და ფრანგული მედიის ინფორმაციით, ერმოლაევი და მისი მეუღლე კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფებიან.
აფეთქების შედეგად კიდევ ოთხმა ადამიანმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
უსაფრთხოების სამსახურების ცნობით, შემთხვევის ადგილზე უცნობმა პირმა ზურგჩანთა დატოვა და გაიქცა. სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში ჩანს პირი მუქი ფერის ქუდით, რომელიც ზურგჩანთას ტოვებს ადგილიდან გარბის. აფეთქება იმ დროს მოხდა, როდესაც შენობაში ადამიანები შედიოდნენ. სამართალდამცველები ამ ეტაპზე არკვევენ, იყვნენ თუ არა უკრაინის მოქალაქეები თავდამსხმელის უშუალო სამიზნეები.
ვადიმ ერმოლაევი 2023 წლიდან უკრაინის მიერ სანქცირებულ პირთა სიაშია. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სანქციების დაწესების მიზეზი გახდა მისი ალკოჰოლური ბიზნესი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, სადაც კომპანიები გადასახადებს რუსეთის ბიუჯეტში იხდიდნენ. უკრაინელი მულტიმილიონერი ამჟამად მონაკოში ცხოვრობს.
0
0