24/12/2021
13:24
მსოფლიო
არქეოლოგებმა, აფრიკის მასშტაბით, სირაქლემას კვერცხის ნაჭუჭისგან დამზადებული 1500 ერთეულზე მეტი მძივის ათწლიანი კვლევა ჩაატარეს, რის შედეგადაც, 50,000 წლის წინ სოციალური ქსელის არსებობა დაადგინეს.
დონატის ფორმის მძივები არქეოლოგების მიერ ნაპოვნ სამკაულების უძველეს სახეობებს შორისაა. სამხრეთ აფრიკის ზოგიერთი ტრადიციული მონადირე-შემგროვებელი ჯგუფი ამგვარ მძივებს დღესაც ამზადებს და იყენებს.
„ხალხმა მძივები სიმბოლური მესიჯების გადასაცემად შექმნა, ისე, როგორც დღეს ჩვენ შეგვიძლია ვატაროთ საქორწინო ბეჭედი ან სამკაული, რომელიც სოციალურ სტატუსზე, სიმდიდრეზე თუ საზოგადოებრივ ფენაზე მიუთითებს“, - თქვა მაქს პლანკის კაცობრიობის ისტორიის მეცნიერების ინსტიტუტის [იენა, გერმანია] პოსტდოქტორანტმა, ჯენიფერ მილერმა.
მეცნიერებმა 1516 ერთეული მძივი შეისწავლეს, რომელიც, 50 000 წლის წინ სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში, 31 სხვადასხვა ადგილას შეიქმნა. მძივების სხვადასხვა მახასიათებლის - დიამეტრისა და სისქის - შედარებით დადგინდა, რომ 33000-50000 წლის წინ, ადამიანები, რომლებიც სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკის ტერიტორიებზე (მოიცავს 3000 კილომეტრზე მეტს) ბინადრობდნენ, თითქმის იდენტურ მძივებს იყენებდნენ.
„ჩვენ ვიცით, რომ, გენეტიკურად, ამ ჯგუფებს ერთმანეთთან გარკვეული ტიპის კონტაქტი ჰქონდათ, მაგრამ ჯერჯერობით არანაირი კულტურული მტკიცებულება არ არსებობს. გამაოგნებელია, რომ ამ ადამიანებს, რომლებიც 40,000-50,000 წლის წინ ცხოვრობდნენ, ასეთ შორ მანძილზე გავრცელებული რაიმე სახის სოციალური ქსელი შეუქმნიათ“, - თქვა მილერმა.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ უძველესი მძივები აღმოსავლეთ აფრიკაში დამზადდა და, სავარაუდოდ, იქიდან კონტინენტის სამხრეთით გავრცელდა. კვლევის ავტორებმა მძივები აღწერეს, როგორც ქვის ხანის ყველაზე შორეული „სტილისტური კავშირი“, რომელიც ოდესმე აღმოჩენილა.
თუმცა, ეს ქსელი - რომელიც წარმოდგენილია იდენტური სტილის მძივებით - როგორც ჩანს, 33000 წლის წინ, დაირღვა. დაახლოებით 19000 წლის წინ კი, სამხრეთ აფრიკაში ხალხმა მძივების გამოყენება ისევ დაიწყო, ბევრად უფრო დიდი რაოდენობით და განსხვავებული სტილით. მკვლევარების აზრით, ცვლილების მიზეზი კლიმატი იყო. 33000 წლის წინ, მეტეოროლოგიურმა ფენომენმა, რომელიც ცნობილია, როგორც ინტერტროპიკული კონვერგენციის ზონა, სამხრეთისკენ გადაინაცვლა, რამაც მდინარე ზამბეზის წყალშემკრები აუზის დატბორვა გამოიწვია. ეს ტერიტორია აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკას აკავშირებს და, შესაძლოა, წყალდიდობამ ადამიანთა ურთიერთქმედებისთვის ბარიერი შექმნა.
„შესაძლებელია, სამხრეთ აფრიკაში პოპულაციები უფრო მცირე ჯგუფებად დაიშალნენ, რომლებსაც მძივების ნაკლები მოთხოვნილება ჰქონდათ, ან ცოტამ თუ იცოდა ტრადიციის შესახებ, ასევე, სავარაუდოდ, არ არსებობდა მძივების დამზადებისთვის საჭირო უნარები,“ - თქვა ჯენიფერ მილერმა.
https://edition.cnn.com/2021/12/23/africa/africa-beads-stone-age-social-network-scn/index.html
0
0