
მეცნიერებმა, 700 წელზე მეტი ხნის შემდეგ, დანტე ალიგიერის პორტრეტი, მისი თავის ქალას გამოყენებით, აღადგინეს.
იტალიელი მწერლის ნამდვილი სახე საიდუმლოებით არის მოცული. ალიგიერის მსგავსი ყველაზე პოპულარული ნახატები მისი გარდაცვალებიდან დიდი ხნის შემდეგ შეიქმნა. მწერლის გარეგნობის შესახებ ჩატარებული კვლევის საფუძველზე, თავის ქალის გამოყენებით, მეცნიერებმა ხელახლა შექმნეს მისი ციფრული გამოსახულება. კვლევის წამყვანმა ავტორმა, ბრაზილიელმა გრაფიკოსმა ციცერო მორეესმა აღწერა, თუ რატომ იყო მწერლის ტრადიციული პორტრეტები ნაკლებად ზუსტი.
„პორტრეტების უმეტესობა ეფუძნება ინფორმაციას, რომელიც მოცემულია მწერალ ბოკაჩოს მიერ შედგენილ დანტეს ბიოგრაფიაში. კერძოდ, ის [დანტე] იყო საშუალო სიმაღლის, მხრებში მოხრილი, გრძელი სახით, კეხიანი ცხვირით და მოდიდო თვალებით. თუმცა, ბოკაჩო პირადად არ იცნობდა დანტეს და ის ცნობებს მწერალთან დაახლოებული და მასთან ერთად მცხოვრები ადამიანებისგან აგროვებდა. როგორც ჩანს, ყველა მიახლოებითი დეტალი ბოკაჩოს მიერ განსაზღვრულ მახასიათებლებს შეესაბამება, თუმცა ჩვენ თავის ქალის ძვლების მიხედვით შევქმენით დანტეს პორტრეტი.
მწერლის თავის ქალის ანალიზი 1921 წელს ჩატარდა. ჩვენ ასევე გამოვიყენეთ დანტეს გარეგნობის შესახებ 2007 წელს გამოქვეყნებული სტატიის მონაცემები და სახის ნაკვთების დაზუსტება ტომოგრაფიისა და ულტრაბგერითი ანალიზებიდან მიღებული სტატისტიკური მონაცემებისა და მათი ანატომიური დეფორმაციის საფუძველზე ვცადეთ.
ანატომიური დეფორმაცია ხდება, როდესაც ცოცხალი დონორის გაციფრულებული სახე დეფორმაციას განიცდის მანამ, სანამ ის მოცემულ თავის ქალას არ მოერგება, შემდეგ კი, გამოჩნდება გამოსახულება, რომელიც შეესაბამება მწერლის ნამდვილ სახეს. გამოსახულებების ორი ვარიანტი შეიქმნა, ერთი ობიექტური მიდგომით, ნაცრისფერი ჩრდილებით, თმის გარეშე და დახუჭული თვალებით. მეორე ვარიანტი მოიცავს სუბიექტურ ელემენტებს, როგორიცაა თვალების, კანისა და ტანსაცმლის ფერი, ყველაზე ცნობილი სურათების მიხედვით,’’ - აღნიშნა ციცერო მორეესმა.
როგორც ცნობილია, დანტე მშობლიური ფლორენციიდან 1302 წელს გადაასახლეს და ის რავენაში, 1321 წელს, გარდაიცვალა. მორეესის თქმით, მკვლევარების მიერ შექმნილმა სახემ ტანჯული ადამიანი გამოავლინა. კვლევის მიხედვით, დანტეს საშუალოზე დიდი თავის ქალა ჰქონდა.
„ბევრს ვკამათობთ იმაზე, რომ რაც უფრო დიდი ზომისაა ადამიანის ტვინი, მას უფრო მეტი ინტელექტი აქვს. თუნდაც ეს მიდგომა ვუგულებელვყოთ, ფაქტია, რომ დანტეს ნაწარმოებები მის გენიალურობაზე მიუთითებს,“ - თქვა მორეესმა
0
0