
12 წლიანი ზოგადი განათლება არანაირ კავშირშია ბოლონიის პროცესთან და არც ლისაბონის კონვენციასთან - ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ რადიო "სივრცეში" განაცხადა.
მისი თქმით, ბოლონიის პროცესი მთლიანად მოიცავს უმაღლეს განათლებას და არ შეიცავს სასკოლო პროგრამებთან დაკავშირებულ დათქმებს.
გაბისონიამ აღნიშნა, რომ ევროკავშირის თითოეული წევრი ქვეყანა, მისი შიდა კანონმდებლობით თავად განსაზღვრავს თუ რამდენი წელი სჭირდებათ მოსწავლეებს უმაღლესი განათლებისთვის მოსამზადებლად - მაგალითად, ესპანეთს 13 წლიანი სასკოლო პროგრამა აქვს.
"ამ ეტაპისთვის ჩვენ ვფიქრობთ, რომ იმ მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ სურვილი სწავლა გააგრძელონ ევროკავშირის ქვეყნებში, ერთი წელი დაამატონ და შესაბამის ქვეყანაში დაასრულონ მე-12 კლასი, ასევე ვარიანტია რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს სპეციალურ სკოლებში, მე 12 კლასის კურსების დამატება, მხოლოდ იმ მოსწავლეებისთვის, ვინც აპირებს სწავლა გააგრძელოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ასევე, არსებობს ვარიანტი, რომ სტუდენტმა საქართველოში დახუროს პირველი კურსი და შემდეგ გააგრძელოს მობილობით სწავლა სხვა ქვეყანაში“ - განაცხადა გაბისონიამ და დაამატა, რომ ასევე განიხილება მოსაზრება, ხომ არ გახდეს ბოლო კლასი რეპეტიტორების ჩამნაცვლებელი კურსი, რადგან ყველასთვის ცნობილია, რომ მე-12 კლასში მოსწავლეები არა სკოლაში, არამედ რეპეტიტორთან დადიან.
ზვიად გაბისონიას ინფორმაციით, ზოგადი განათლების რეფორმას სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარადგენს.
0
0