23/12/2022
16:41
სპორტი
არ ვიცი, მაროკოს მეფე მუჰამედ VI რადენად იცნობს ვაჟას შემოქმედებას, მაგრამ ფაქტია, რომ მის პრინციპებს იზიარებს.
ამაში დამარწმუნა იმ ფაქტმა, რომ განვლილ მსოფლიოს ჩემპიონატში მაროკოს ნაკრების ტრიუმფისადმი მიძღვნილ საზეიმო წვეულებაზე, მუჰამედ VI-მ ფეხბურთელებთან ერთად, მათი დედებიც მიიწვია. აქვე დავამატებ, რომ მთელ პრემიალურ თანხას, 25 მილიონ დოლარს, ნაკრების წევრები გაჭირვებული თანამემულეების ოჯახებს გადასცემენ.
მაროკოელებზე ადრეც ვთქვით, რომ მათი მეკარე კანადაშია დაბადებული, ხოლო დანარჩენი 25 ფეხბურთელიდან 13, ასევე არ დაბადებულა მაროკოში. ისიც ვთქვათ, რომ 20 ფეხბურთელი ევროპის ელიტარულ საფეხბურთო ქვეყნებში თამაშობს.
მწვრთნელი რეგრაგი, პარიზის შემოგარენში, კორბეი-ესონშია დაბადებული და მთელი კარიერა საფრანგეთის ძლიერ კლუბებში აქვს გატარებული- 3 წელი ესპანურ სანტანდერის რასინგში.
სამწვრთნელო კარიერა, რომელიც 12 წელს ითვლის, მაროკოში გაატარა, ერთი წელი- კატარში. ჯამში, 5 მილიონამდე მაროკოელი ცხოვრობს ევროპაში. აქედან, ნახევარი საფრანგეთსა და ესპანეთში. სწორედ ამ 2 ქვეყანას ჰყავდა გადანაწილებული დამოუკიდებლობამდე მაროკო.
გარდა ამისა, ბევრი მაროკოელი ემიგრანტია იტალიაში. ხოლო ბელგიაში, იქაური მოსახლეობის 4 %-ს, მაროკოს მოქალაქეობა აქვს. მსგავსი პროცესები დღესაც გრძელდება ლეგალურად და არალეგალურადაც. ამის მთავარი მიზეზი, მაროკოს მდებარეობაა.
მას მხოლოდ ვიწრო გიბრალტარი ჰყოფს ევროპისგან. მაროკო სხვა აფრიკულ ქვეყნებთან შედარებით, ყველაზე ახლოსა იმ ევროპულ ქვეყნებთან, რომლებშიც თავიდანვე რბილი მიგრაციული პოლიტიკა იყო (ბელგია, ნიდერლანდები). პროცესს ვერ აჩერებს ესპანეთის მიმართულებით, ევროკავშირის დაფინანსებით აგებული 8,4კმ სიგრძისა და 6 მ სიმაღლის სეუტის კედელიც. მარკოელთა წარმატების ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, სწორედ ევროპული საფეხბურთო სკოლაა.
37 მილიონიანი მაროკო, სამეფო-დუალისტური მონარქიაა. ანუ, მეფეს, 59 წლის მუჰამედ VI-ს, გარკვეული შეზღუდვები აქვს ქვეყნის ერთპიროვნულ მართვაში. თუმცა, რაშიც მინიჭებული აქვს აბსოლუტური თავისუფლება, ეს ფეხბურთისადმი და სპორტისადმი მისი დამოკიდებულება და საქმიანობაა.
მუჰამედი ტახტზე 1999 წელს ავიდა. რამდენიმე წლის შემდეგ, მან აქტიურად დაიწყო სპორტის მდგომარეობის გაკრიტიკება და მის განვითარებაზე ზრუნვა. ის საფინანსო, საინვესტიციო, საბანკო თუ ტელე კომპანიები, რომლებშიც მისი პირადი კაპიტალია დაბანდებული, აქტიურად არიან ჩართული სპორტის, და პირველ რიგში, ფეხბურთის, დაფინანსება-განვითარებაში. მათ შორის, საფეხბურთო ლიგის სპონსორობაში. მისი მეფობის პერიოდში, დედაქალაქში აშენდა არაკომერციული საფეხბურთო აკადემია, რომელიც აღზრდილი ფეხბურთელების გაყიდვაზეა ორიენტირებული.
სხვათაშორის, იგი უმდიდრესი მონარქია აფრიკის კონტინენტზე. აკადემიას, რომელიც მოქმედი მეფის სახელს ატარებს, მომავალში 12 ფილიალი ექნება ქვეყნის რეგიონებში. ამას დავუმატოთ სხვა საფეხბურთო ინფრასტრუქტურა, ასობით ხელოვნურსაფარიანი მოედანი მთელი ქვეყნის მასშტაბით. კაპიტალური ხარჯების გარდა, აკადემიის ყოველწლიური ბიუჯეტი 20 მილიონ დოლარია, რომელიც ივსება სახელმწიფო ფონდიდან, კომერციული სტრუქტურიდან და ბანკიდან. აკადემიიდან გამოვიდნენ ენ-ნესირი, აგერდი, უნაი.
მესამე მიზეზია- ფედერაცია და მისი ხელმაძღვანელი ლეკჯა. ის, ამავდროულად, არის ქვეყნის ფინანსების მთავარი გამგებელი და ფედერაციამდე, ერთ-ერთი კლუბის პრეზიდენტიც იყო. თანამდებობაზე მოსვლისთანავე, 2014 წლიდან, მან მძლავრი რეფორმების განხორციელებას მიჰყო ხელი. ლეკჯამდე ფედერაციას, გენერალი ბენსლიმანი ხელმძღვანელობდა. ლეკჯამ კი, ფედერაცია თანამედროვე კალაპოტში ჩააყენა. მისი დევიზი ასეთია- მინდვრები და სკოლები, ტალანტების აღმოჩენა და განვითარება, კვალიფიციური სამწვრთნელოო პერსონალი.
რაც შეეხება დაფინანსებას, მაროკოს ფეხბურთის ფედერაცია, ყოველწლიურად, 80 მილიონ დოლარს იღებს. 85%-ს სახელმწიფოსა და სახელმწიფო ფონდებისა თუ კომპანიებისაგან.
საქართველოში ფეხბურთზე 250 მილიონი დოლარი იხარჯება. შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატამდე, ბოლო მატჩი, მაროკოელებმა ზუსტად ჩვენთან გამართეს. 3-0 დავმარცხდით.
ლეკჯას მოსვლის შემდეგ, საფეხბურთო კლუბები, რომლებიც არაკომერციული ორგანიზაციების სახით, მიბმულები იყვნენ სპორტის სამინისტროზე, ჩამოცილდა სამინისტროს და შპს-ებად გადაკეთდა. ლეკჯამ მოითხოვა ანგარიშგების მკაცრად მოწესრიგება. წარმატებებმაც არ დაახანა- ორივე აფრიკული საკლუბო თასი, მაროკოელმა კლუბებმა აიღეს წელს.
2018 და 2020 წლებში, ნაკრებმა, ზედიზედ ორჯერ მოიგო აფრიკის ერთა ჩემპიონატი. შეგახსენებთ, რომ აფრიკის ერთა თასისგან განსხვავებით, ამ ტურნირში მხოლოდ აფრიკული ქვეყნების შიდა ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელებისგან შემდგარი ნაკრებები მონაწილეობენ. ანუ, შიდა ჩემპიონატი მაროკოში, შეიძლება ითქვას, საუკეთესოა აფრიკულ კონტინენტზე.
„კატარი 2022“-ზე, ნაკრებში მხოლოდ 3 ფეხბურთელი იყო მაროკოული კლუბიდან. პრემიერ-ლიგიდან 2, ლა-ლიგიდან 4, ბუნდესლიგიდან 1. სერია ა-დან 2, ლიგა 1-დან 5, ყატარის ვარსკვალავთ ლიგიდან 1, საუდის პროფლიგიდან 2, ინგლისური ჩემპიონშიპიდან 2, თურქული სუპერლიგიდან 1, სერია ბ-დან 1. კლუბების ჩამონათვალიც საამაყოა - ბაიერნი, ჩელსი, პსჟ, სევილია, ვესტ-ჰემი, ფიორენტინა....
მოკლედ, წინა სტატიაში რაც არ ვახსენე, ახლა ვიტყვი- „კატარი-2022“ ფეხბურთის ისტორიაში შევა იმითაც, რომ ამ ჩემპიონატზე, პირველად, აფრიკული კონფედერაციის წარმომადგენელი გავიდა ნახევარფინალში. ეს კი, პირველ რიგში, ფეხბურთის ამ კონტინენტზე განვითარებაზე მიანიშნებს.
უნებლიეთ გამახსენდა მაროკოს როლი აფრიკის დეკოლონიზაციის პროცესში, რომელმაც 1956 წელს, აფრიკული ქვეყნებიდან ერთ-ერთმა პირველმა მოიპოვა დამოუკიდებლობა. 4 წლის შემდეგ, 1960 წელი, აფრიკის წლად გამოცხადდა. ამ წლის მანძილზე, 17 აფრიკული ქვეყნის დეკოლონიზაცია განხორციელდა.
1956 წელს, მაროკოს მეფე მუჰამედი იყო, ოღონდ მეხუთე. ხოლო, 4 წლის შემდეგ, მორიგი მსოფლიო ჩემპიონატია ფეხბურთში.
ავტორი: ჰოკეის გულშემატკივარი, გიორგი გოგოლაძე
0
0