
სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა ესტონეთის და ასევე ევროკავშირის დიდი ხნის პრიორიტეტია - იმის თქმა, რომ ესტონეთის ხელისუფლება კონსპირაციაშია ჩართული საქართველოს წინააღმდეგ ან ტალინში ძველ „ხუხულაში“ უყრის თავს ყველა ქართულ NGO-ს, ეს სიმართლე არაა,- ამის შესახებ საქართველოში ესტონეთის ელჩმა მარგე მარდისალუ-კაჰარიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ბრალდებებს გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ საქართველოში მიღებული კანონებისგან თავის არიდების მიზნით, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი სხვა ქვეყნებში, მათ შორის ესტონეთში გადარეგისტრირდნენ.
როგორც ელჩმა აღნიშნა, სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა ევროკავშირისა და ესტონეთის დნმ-შია, რადგან ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, არ არსებობს ძლიერი დემოკრატია.
„მთელი ლოგიკა იმდენად თავდაყირაა იმასთან შედარებით, რაც რეალურად ხდება საქართველოში - სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერა ესტონეთის და ასევე ევროკავშირის დიდი ხნის პრიორიტეტია. სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა ევროკავშირისა და ესტონეთის დნმ-შია. ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების გარეშე, არ არსებობს ძლიერი დემოკრატია. ხელისუფლებას ეს ზოგჯერ არ მოსწონს. სამოქალაქო საზოგადოება ზოგჯერ არსებობს კრიტიკისთვის, მაგრამ სამოქალაქო საზოგადოება ასევე ხელს უწყობს რეგიონულ განვითარებას ან სხვა ასპექტების განვითარებას, რაც ნამდვილად მრავალფეროვანია და ესტონეთი ამას მხარს უჭერს, ის ძალიან გამჭვირვალეა ამ მიმართულებით. ესტონეთს აქვს ძლიერი დემოკრატია. ჩვენ გვყავს სამოქალაქო საზოგადოება, რომელსაც შეუძლია თავისუფლად იმოქმედოს, ჩვენ არ ვაკონტროლებთ სამოქალაქო საზოგადოებას. სამოქალაქო საზოგადოებას ასევე შეუძლია დაფინანსების მიღება საზღვარგარეთიდან. ამ მიმართულებით პრობლემები არ გვაქვს. იმის თქმა, რომ ესტონეთის ხელისუფლება კონსპირაციაშია ჩართული საქართველოს წინააღმდეგ ან ტალინში ძველ „ხუხულაში“ უყრის თავს ყველა ქართულ NGO-ს, ეს სიმართლე არაა. თუმცა აქვე უნდა ვთქვა, რომ უცხოური სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ან უცხოელი ინდივიდები თავისუფლები არიან ესტონეთში რეგისტრაცია გაიარონ, ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ, კონტროლი არ გვაქვს ამ ნაწილში. ასე მუშაობს დემოკრატია!“ - განაცხადა ელჩმა.
0
0