
„ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე 10 - დღიანი ოფიციალური ვიზიტით აშშ-ი იმყოფება.
„ჰარვარდის” შემდეგ მამუკა ხაზარაძე ოფიციალურ შეხვედრებს ნიუ-იორკსა და ვაშინგტონში გამართავს.
მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ქვეყნის და ხალხის თავისუფლებისთვის ბრძოლას გააგრძელებს და ქართულ დემოკრატიას განახლება სჭირდება.
„მე ვარ საბჭოთა კავშირში დაბადებული ქართველი. ვიცი რას ნიშნავს იმპერია და ვიცი რას ნიშნავს თავისუფლება. მთელი ცხოვრება ვიბრძოდი პირადი თავისუფლებისთვის და სხვების გასათავისუფლებლად.
მე გავაგრძელებ ბრძოლას ჩემი ქვეყნის და ჩვენი ხალხის თავისუფლებისთვის.
ყოველთვის მჯეროდა იმის, რასაც ვაკეთებდი და ყოველთვის ჩემი ერის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებდი.
ყოველთვის ვფიქრობდი ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვაზე, ახალი კომპანიების დაარსებაზე და ქართველი ხალხის დასაქმებაზე. კომპანიებში, რომლებიც მე, ჩემს მეგობრებთან ერთად დავაარსე 13 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ჩვენ შემოვიტანეთ ქვეყანაში დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია.
ხალხის და ქვეყნის მსახურება არის ძალაუფლების უმაღლესი ფორმა.
არის ისტორიაში გარდამტეხი მომენტები, რომლებიც წყვეტენ ერების ბედს. ასეთი მომენტი დადგა საქართველოში, როდესაც მთავრობამ, სახელად „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა უარი ეთქვა ქართულ ოცნებაზე - საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე.
საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა იმ რეფორმების გატარებაზე, რომლებიც საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიაღებინებდა.
დატოვა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის მიშელის შეთანხმება;
დააინიცირა რუსული კანონი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ;
თავი შეიკავა უკრაინის მხარდაჭერისგან;
რუსეთთან პირდაპირი ფრენები განაახლა;
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსეთ უკრაინის ომის დაწყებაში, უკრაინის ნატოში მისწრაფება დაადანაშაულა.
რაც შეეხება ანაკლიას, შესაძლოა, რთული იყო იმის გაგება, თუ რატომ შეუტია საქართველოს მთავრობამ ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებას, როდესაც პორტის მშენებლობა გააძლიერებს საქართველოს ეკონომიკას, და ხელს შეუწყობს სამხედრო სიძლიერეს, ახლა ცხადია, რომ რუსეთი არასოდეს დაუშვებს ანაკლიის მშენებლობას - ჩვენ დავინახეთ რუსეთის ჭეშმარიტი განზრახვები შავ ზღვაზე, არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ახლახანს ოჩამჩირეშიც, სადაც მათ დაიწყეს სამხედრო ბაზის განთავსება.
ნორმალურ ვითარებაში საქართველოს მთავრობას მხარი უნდა დაეჭირა პროექტისთვის, რომელიც არის ხიდი აზიასა და ევროპას შორის, რადგან საქართველოს აქვს ძალიან სტრატეგიული მდებარეობა.
ნაცვლად ამისა, ჩემი და ჩემი პარტნიორის, ბადრი ჯაფარიძის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებები დაიწყო.
ქართულ დემოკრატიას განახლება სჭირდება!!
ჩვენ უნდა ავაშენოთ თავისუფალი და სამართლიანი საქართველო, უნდა მოვიზიდოთ ინვესტიციები, ჩვენი ქვეყანა უნდა გახდეს მწარმოებელი და არა მომხმარებელი. ქართული ეკონომიკა არ უნდა იყოს დამოკიდებული რუსეთზე.
უნდა განვახორციელოთ მეგაპროექტები ანაკლია, ბირჟა, უსაფრთხო დერეფანი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და ჩვენს ქვეყანაში უნდა დავაბრუნოთ ემიგრანტები”, - განაცხადა ხაზარაძე.
0
0