
მაღაროელი, რომელმაც პროტესტის ნიშნად რამდენიმე დღის წინ თვალები ამოიკერა, ჭიათურიდან თბილისში ჩამოვიდა.
გიორგი კუპატაძე შეუერთდა პროტესტს, რომელიც უკვე 2 დღეა პარლამენტის წინ მიმდინარეობს და მაღაროელები ღამეებს კარვებში ათევენ.
დღესვე, პარლამენტთან უვადო შიმშილობა გამოაცხადა კიდევ ოთხმა მაღაროელმა. "ჯორჯიან მანგანეზის" გაფიცული თანამშრომლები 19:00 საათზე მორიგ აქციას გეგმავენ და პროტესტის უკიდურესი ზომების შეწყვეტას მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ აპირებენ.
"ეს იყო ჩემი პირადი გადაწყვეტილება. მოშიმშილეებს ვისაც ვუთხარი, ლამის ყველა წინააღმდეგი იყო. მინდა, ამით ყველას დავანახო, რომ ერთმანეთის გვერდით ძლიერები ვართ. მე არ მინდა დავინახო, „ჯორჯიან მანგანეზი“, არ მინდა დავინახო ეს ხალხი, სანამ ჩვენი საქმე არ მოგვარდება. როცა მოგვარდება, ერთად დავინახავთ ყველა“, – განაცხადა გიორგი კუპატაძემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვალები ამოიკერა.
"ჯორჯიან მანგანეზის" გენერალური დირექტორი ლაშა თუთბერიძე აცხადებს, რომ გაფიცული მაღაროელების მხრიდან ხელფასების მომატებაზე საუბარი ალოგიკურია, რადგან კომპანია არ არის შემოსავლიანი. ის თანამშრომლებს სთავაზობს, ფინანსური დოკუმენტები გარე აუდიტორულმა კომპანიამ შეისწავლოს და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღონ.
0
0