
"ჯორჯიან მანგანეზის" გენერალური დირექტორი ლაშა თუთბერიძე აცხადებს, რომ გაფიცული მაღაროელების მხრიდან ხელფასების მომატებაზე საუბარი ალოგიკურია, რადგან კომპანია არ არის შემოსავლიანი. ის თანამშრომლებს სთავაზობს, ფინანსური დოკუმენტები გარე აუდიტორულმა კომპანიამ შეისწავლოს და გადაწყვეტილება ამის შემდეგ მიიღონ.
"ეს ხალხი გაცილებით მეტს იმსახურებს იმ შრომისათვის, რასაც აკეთებს. პირადად, მე, დღე მაქვს გატარებული შუხუთის მაღაროში, რომელიც ყველაზე ღრმა არის და ერთი საათი მხოლოდ შესვლას სჭირდება. ძალიან კარგად ვიცი, როგორ რთულ პირობებში უწევს მათ მუშაობა, მაგრამ მინდა ზოგადი ციფრები გითხრათ, ვახტურ რეჟიმზე 708 კაცია დასაქმებული და 25 მილიონი 900 ათასი ლარი გვაქვს ჩვენ ხელფასის სახით გაცემული.
2022 წლის პირველი იანვრიდან განვახორციელეთ ხელფასების მატება 9,6 პროცენტით, ხოლო 2023 წლიდან , მიუხედავად კრიზისისა, ისევ განვახორციელეთ ხელფასების 5 პროცენტიანი ზრდა.
მთლიანობაში, 2019 წლიდან მაღაროელთა ხელფასი 118 პროცენტით გავზარდეთ.
იმედი მაქვს, ჩვენი დასაქმებულების გონიერების, კომპანიის მხრიდან, მაქსიმალურად ღიად გვაქვს ყველაფერი შეთავაზებული, კრიზისის გადაწყვეტის გეგმა ვერ იქნება ის, რომ ახლა ვთქვათ, რომ გიმატებთ ხელფასს 20 პროცენტით და ორი თვის შემდეგ მთლიანად გავაჩეროთ საწარმო",- განაცხადა "ჯორჯიან მანგანეზის" გენერალურმა დირექტორმა, ლაშა თუთბერიძემ "პალიტრანიუსის" პირდაპირ ეთერში.
შეგახსენებთ, გაფიცულები კომპანიისგან 14 პუნქტის დაკმაყოფილებას ითხოვენ. ხელფასის ზრდასთან ერთად, მაღაროელებს რამდენიმე მთავარი საკითხი აქვთ დასახელებული. 4-მა მაღაროელმა კი დღეს თბილისში შიმშილობა დაიწყო.
კომპანიასა და დასაქმებულებს შორის მედიაციის პროცესში ჯანდაცვის სამინისტრო 12 ივნისს ჩაერთო. უწყებაში ამბობენ, რომ ამ პროცესში ორივე მხარის ინტერესები სრულად იქნება გათვალისწინებული.
0
0