
ამ ეტაპზე არ არსებობს ნიშნები, რომლებიც მიუთითებს, რომ რუსეთი ბალტიის ქვეყნების წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო თავდასხმისთვის ემზადება, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს.
უწყების ცნობით, მიუხედავად ამისა, კვლავ მაღალია დივერსიული მოქმედებების საფრთხე.
სამინისტრომ კომენტარი გააკეთა ბრიტანული გამოცემა The Guardian-ის პუბლიკაციაზე, რომელშიც წყაროებზე დაყრდნობით ნათქვამი იყო, რომ რუსეთი შესაძლოა, ბალტიის ქვეყნების ან პოლონეთის წინააღმდეგ პროვოკაციას ამზადებდეს.
„ამ დროისთვის არ არსებობს არანაირი ნიშანი, რომ რუსეთი ბალტიის ქვეყნებზე ფართომასშტაბიანი სამხედრო თავდასხმისთვის ემზადება, თუმცა კვლავ მაღალია საფრთხე დივერსიული აქტების, მაგალითად, განზრახ ხანძრების გაჩენის ან ლიეტუვის ტერიტორიაზე, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების“, – აცხადებენ სამინისტროში.
უწყებაში ასევე აღნიშნავენ, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი რიტორიკა არის მცდელობა, ყურადღება გადაიტანოს ფრონტზე არსებული წარუმატებლობებიდან და გავლენა მოახდინოს უკრაინის მოკავშირეების მზადყოფნაზე, გააგრძელონ მისი სამხედრო მხარდაჭერა.
0
0