
აშშ-ში ვიზიტი ურთიერთობის მშენებლობის ნაწილში კარგი, საინტერესო და დროული იყო, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო პარტნიორებთან ურთიერთობებს თავიდან აშენებს.
„ურთიერთობებს აგურ-აგურ თავიდან ვაშენებთ, ფაქტობრივად, ერთმანეთს თავიდან ვეცნობით. სამწუხაროდ, წინა ადმინისტრაციის პირობებში ეს ურთიერთობები იმდენად დანგრეული იყო, რომ ყველაფრის აშენება ნულიდან გვიწევს. ამ ვიზიტის მიზანიც სწორედ ის იყო, რომ ამერიკული მხარისთვის ჩვენი პოზიციები მიგვეწოდებინა; ასევე, რეალობა და ის გეოპოლიტიკური კონტექსტი, რაშიც საქართველო ვითარდება, რატომ იღებს ამა თუ იმ საშინაო და საგარეო პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ჩვენი ამოცანა იყო, ამერიკელებისგანაც მოგვესმინა მათი პოზიციები, არა მხოლოდ იმაზე, საქართველოსთან დაკავშირებით რა გეგმები აქვთ, არამედ რეგიონთან დაკავშირებით რა გეგმები აქვთ, როგორ წარმოუდგენიათ ამ რეგიონის როლი ამერიკულ საგარეო პოლიტიკაში. შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ, როდესაც დელეგაცია დაბრუნდება.
ურთიერთობის მშენებლობის ნაწილში კარგი, საინტერესო და დროული ვიზიტი იყო. არც პირველია და არც უკანასკნელი იქნება იმის პარალელურად, რომ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს ამ პარტნიორობების განვითარებას, აშენებას, გაძლიერებას. არ წყდება ძალისხმევა, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად დააზიანონ – ინფორმაციული ტყუილების გავრცელებით, დეზინფორმაციებით და ა.შ. მიზანია, რომ ამ ურთიერთობების აღდგენა და გადატვირთვა არ მოხდეს. ამიტომ იერიში ჯერ იმაზე იყო, სად მიდიხართ და ვის ხვდებითო, შემდეგ – აბა, სად და ვისთან გექნებათ შეხვედრაო. ამ ურთიერთობების გადატვირთვას გავაგრძელებთ სამართლიანობის და ურთიერთპატივისცემის ნიადაგზე. დარწმუნებული ვარ, რომ არ შეწყდება საქართველოშიც და საზღვარგარეთაც მცდელობა, რომ ეს ურთიერთობები დააზიანონ. თავიანთი რაღაც ნარატივი აქვთ ბაბლში, თითქოს იზოლაციაშია ქვეყანა მოქცეული, ეს ნარატივი არ ჩამოინგრიონ თავზე. მგონი, ამ ვიზიტმაც, უკვე მერამდენედ, ყველაფერს გასცა პასუხი“, – განაცხადა მახაშვილმა.
0
0