
სამართლებრივი შეფასება უნდა მიეცეს იმ დანაშაულებს, რასაც კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ ჩადიოდა ხელისუფლებაში ყოფნის დროს და შემდეგ, იმ საბოტაჟირების მუდმივ პროცესს, რომელსაც ეწევიან უკვე ოპოზიციაში ყოფნისას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.
მაჭავარიანის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ქართველი ხალხის მიერ უკვე შეფასებულია.
„რა თქმა უნდა, პოლიტიკურად შეფასებული არიან, ქართველმა ხალხმა ისინი შეაფასა, ათი არჩევნები წააგეს ძალიან დიდი ანგარიშით, თუმცა ჩვენ ვალდებული ვართ, ამ ყველაფერს სამართლებრივი შეფასებაც მიეცეს. ამიტომ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი სარჩელი დაკმაყოფილდება. ეს ჩვენი სურვილია, თუმცა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საკონსტიტუციო სასამართლომ.
ვფიქრობთ, ჩვენი სარჩელი გამყარებულია ფაქტებითა და მტკიცებულებებით. მიმდინარე კვირას ექნება შესაძლებლობა საზოგადოებას, მოისმინოს კითხვა-პასუხის რეჟიმში, რა არგუმენტების წარმოდგენა შეუძლია აგენტურულ ოპოზიციას. ვფიქრობ, მათ ფიზიკურად არგუმენტები არ აქვთ, რაც შეუძლიათ, დაუპირისპირონ ჩვენს სარჩელს. დავინახავთ, კითხვა-პასუხის რეჟიმში ზოგადად რამდენად უსუსურ მდგომარეობაშია ეს აგენტურული ოპოზიცია. მათი ასეთი განცხადებები 14 წელია, გვესმის, გვესმის ერთი და იგივე – დიქტატურა, რუსეთი, მსგავსი აბსურდები და უკვე მობეზრდა ჩვენს საზოგადოებას ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, მოსაბეზრებელია ასეთი აგენტურული ოპოზიცია პოლიტიკაში. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც შევიტანეთ საკონსტიტუციო სარჩელი არის ის, რომ არის დრო, გაჯანსაღდეს პოლიტიკური ველი აგენტურული პარტიებისგან და შემოვიდნენ პოლიტიკაში სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდები“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
0
0