-share.jpg)
ინდოეთის ბენგალის შტატში, ქალაქ კოლკატაში, ღამით ქუჩებში ათიათასობით ქალი გამოვიდა, რომლებიც გასულ კვირას კოლკატას სახელმწიფო საავადმყოფოში [RG Kar Hospital] 31 წლის სტაჟიორი ექიმის გაუპატიურებასა და მკვლელობას აპროტესტებენ.
როგორც BBC-ი წერს, 36-საათიანი დამღლელი მორიგეობის შემდეგ, სტაჟიორს სასემინარო ოთახში დაეძინა, რადგან კლინიკაში დასასვენებელი სივრცე მისთვის გამოყოფილი არ იყო. მეორე დილით, კოლეგებმა დერეფანში მისი ცხედარი იპოვეს, რომელსაც მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა. პოლიციამ ქალის გაუპატიურებისა და მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით საავადმყოფოს მოხალისე თანამშრომელი დააკავა. საქმე ფედერალური გამოძიების ცენტრალურ ბიუროს გადაეცა.
სოციალურ მედიაში გავრცელებულ მოწოდებებზე საპასუხოდ, ბენგალის შტატის მასშტაბით, ათიათასობით ქალმა მსვლელობა მოაწყო. ასევე შეტაკებები მოხდა პოლიციასა და უცნობი მამაკაცების მცირე ჯგუფს შორის, რომლებიც RG Kar Hospital-ში, ექიმის მკვლელობის ადგილზე შეცვივდნენ და სასწრაფო დახმარების განყოფილება დაარბიეს. დაზიანდა პოლიციის რამდენიმე მანქანაც. პოლიციამ დემონსტრანტების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მცირე საპროტესტო აქციები ასევე დელიში, ჰაიდერაბადში, მუმბაისა და პუნეში გაიმართა. ქალების საპროტესტო აქციებს ახალგაზრდა და ხანდაზმული მამაკაცებიც შეუერთდნენ.
0
0