29/11/2024
15:32
პოლიტიკა
კატეგორიულად არ ვეთანხმებით “ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადთან დაკავშირებული მოლაპარაკებები 2028 წლამდე შეაჩეროს! - აღნიშნულ განცხადებას ბიზნეს ასოციაციები ავრცელებს.
მათ ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება დიდ რისკს ქმნის, რომ საქართველომ ხელიდან გაუშვას ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობის ფანჯარა, რაც რეგიონში ბოლოდროინდელი გეოპოლიტიკური ცვლილებების შედეგად წარმოიშვა.
“გუშინდელი გადაწყვეტილება ძირს უთხრის მთელი საზოგადოების მიერ ათწეულების მანძილზე გაწეულ სამუშაოს და ბოლო თვეების მანძილზე ევროკავშირთან ურთიერთობების გაუარესების პროცესის კულმინაციას წარმოადგენს. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება გამოიწვევს საქართველოს კიდევ უფრო მეტ იზოლაციას დასავლელი პარტნიორებისაგან. ეს პარტნიორობა კი არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნის ეკონომიკის, დემოკრატიისა და უსაფრთხოებისათვის.
ჩვენ, როგორც ბიზნეს ასოციაცია, კარგად ვაცნობიერებთ იმ ეკონომიკურ გავლენას, რაც ამ ცვლილებას შესაძლოა ჰქონდეს. მოკლევადიან პერიოდში, ამ პოლიტიკას ექნება მნიშვნელოვანი ნეგატიური ეკონომიკური გავლენა და შესაძლოა გამოიხატოს საქართველოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტაში, რაც უარყოფითად აისახება ოჯახების უდიდეს რაოდენობაზე.
უფრო გრძელვადიან პერიოდში, ზეგავლენა კიდევ უფრო ხელშესახები იქნება. თითოეულ კანდიდატ ქვეყანაში, ევროკავშირში გაწევრიანების შედეგად, დაფიქსირდა მნიშვნელობანი ზრდა როგორც ინვესტიციების, ისე ვაჭრობის კუთხით. ამან უმნიშვნელოვანესი შედეგები აჩვენა, მოქალაქეთა კეთილდღეობის გაუმჯობესების და შვილებისა და შვილიშვლების თაობისთვის შესაძლებლობების ზრდის კუთხით.
ევროკავშირში გაწევრიანებაზე უარის თქმით საქართველო რისკავს ხელიდან გაუშვას თავისი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესების შესაძლებლობა. ევროპულ ოჯახში მართებული დაბრუნება მრავალი თაობის მოქალაქის ისტორიული არჩევანია, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციით.
ამ გზის უარყოფა ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობის სურვილს ეწინააღმდეგება.
ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული ინტეგრაციისადმი, რომელიც მიგვაჩნია ქვეყნის მდგრადი განვითარების, კეთილდღეობისა და გრძელვადიანი სტაბილურობის გარანტად“, - ნათქვამია ბიზნეს ასოციაციების ერთობლივ განცხადებაში.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს. ამასთან, პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველო, ასევე, 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობს ყოველგვარ საბიუჯეტო გრანტზე ევროკავშირის მხრიდან.
„ჩვენ არ ვჩერდებით და ასოცირების დღის წესრიგითა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას განვაგრძობთ. როგორც სამთავრობო პროგრამაშია აღნიშნული, 2028 წლისთვის ამ ვალდებულებების 90 პროცენტზე მეტი შესრულებული გვექნება. ამასთან, ყველა ამ ვალდებულებას შევასრულებთ საკუთარი დაფინანსებით, ევროკავშირის ყოველგვარი ფინანსური დახმარების გარეშე. ჩვენ ვაპირებთ არა მათხოვრობით და ცალ ფეხზე დგომით ევროკავშირში შესვლას, არამედ ევროკავშირში ღირსეულად გაწევრიანებას, გამართული დემოკრატიული სისტემითა და ძლიერი ეკონომიკით“, - განაცხადა პრემიერ - მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
0
0
ზუგდიდში, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს
29/11/2024