
თბილისის შემოსასვლელში, კახეთის გზატკეცილზე ერეკლე მეორის ძეგლი დაიდგმება. ამის შესახებ კულტურის სამინისტროს მიერ გამოცხადებული გამარტივებული შესყიდვიდან ირკვევა.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ძეგლი, თელავში არსებული, მხატვრისა და მოქანდაკის, მერაბ მერაბიშვილის ნამუშევრის ესკიზის მიხედვით დამზადდება, რისთვისაც მთავრობა 940 064 ლარს გადაიხდის.
ამასთან, როგორც სატენდეორ შესყიდვიდან ირკვევა, ძეგლის გახსნა მიმდინარე წლის 30 სექტემბერს იგეგმება.
„პროექტი, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა, თავისი ისტორიული დატვირთვიდან გამომდინარე, რადგან უკავშირდება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სახელმწიფო-პოლიტიკური მოღვაწის უკვდავყოფას. ერეკლე II-ის ძეგლის დადგმას ქალაქ თბილისში, კახეთის გზატკეცილზე მნიშვნელოვანი სიმბოლური დატვირთვა ექნება. ერეკლე II-ის ცხენოსანი ფიგურა უდრეკ მებრძოლსა და მხედართმთავარს განასახიერებს, რომელიც ქვეყნის სიძლიერესა და მის პოლიტიკურ მოღვაწეობას თვალსაჩინოდ წარმოაჩენს მისი მხატვრული ინტერპრეტაციისა და ფართო პოლიტიკურ მნიშვნელობის გათვალისწინებით, სიმბოლურია, ერეკლე II-ის მონუმენტი ქალაქის შემოსასვლელში დაიდგას,“ - აღნიშნულია დოკუმენტაციაში.
დოკუმენტში ასევე განმარტებულია, რომ 2024 წლის 16 სექტემბერს საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და შპს „ნიუკონსს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით, პროექტის პირველი ეტაპი უკვე შესრულებულია. კერძოდ, მარიამ და სოფიო მერაბიშვილებსა და შპს „ნიუკონსს“ შორის გაფორმებულია ხელშეკრულება, მერაბ მერაბიშვილის მიერ შექმნილი, ერეკლე II-ის ესკიზის გამოყენების უფლების მიცემის თაობაზე, ძეგლის დამზადებისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, პროექტის მეორე ეტაპი, ერეკლე მეორის ძეგლის თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში განთავსება და შესაბამისი ღონისძიებები, ასევე შპს „ნიუკონსმა“ უნდა განახორციელოს.
BPN
0
0