
ორშაბათს კოლუმბიის დასავლეთ ნაწილში მომხდარი 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე ქალაქში შენობები ჩამოინგრა.
მიწისძვრა ადგილობრივი დროით 08:30 საათის შემდეგ, კოლუმბიის წყნარი ოკეანის სანაპიროსთან, სან-ხოსე-დელ-პალმარის მახლობლად დაფიქსირდა. ბიძგები იმდენად ძლიერი იყო, რომ მოსახლეობამ შენობები და საცხოვრებელი სახლები როგორც კოლუმბიაში, ისე მეზობელ ეკვადორშიც დატოვა.
რისარალდას დეპარტამენტის ქალაქ პერეირას მერმა, მაურისიო სალასარმა Caracol Radio-სთან საუბრისას დაადასტურა, რომ ქალაქში, სულ მცირე, 18 ადამიანი დაიღუპა.
ქვეყნის სიდიდით მესამე ქალაქ კალის მერმა, ალეხანდრო ედერმა აღნიშნა, რომ ჩამოინგრა 20-ზე მეტი შენობა, რომელთა ნანგრევებშიც ადამიანები არიან ჩარჩენილები. ჩოკოს გუბერნატორმა, ნუბია კაროლინა კორდობა-კურიმ ასევე განაცხადა დაშავებულებისა და ინფრასტრუქტურის სერიოზული დაზიანების შესახებ.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის (USGS) მონაცემებით, მიწისძვრის კერის სიღრმე თითქმის 110 კილომეტრს შეადგენდა. ბიძგები იგრძნობოდა დედაქალაქ ბოგოტაშიც, რომელიც ეპიცენტრიდან დაახლოებით 240 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. კოლუმბიის საზღვაო გენერალური დირექტორატის ცნობით, ცუნამის საფრთხე არ არსებობს.
0
0