
"თუ შევადარებთ წინამორბედ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომელსაც არანაირი არც შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია თავდაცვის სფეროში არ ჰქონია, ირაკლი ჩიქოვანი ნამდვილად მირჩევნია", - ამის შესახებ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ რადიო ”სივრცის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, როდესაც შეაფასა თავდაცვის მინისტრად დეპუტატ, ირაკლი ჩიქოვანის დანიშვნა.
მისი თქმით, არ ფიქრობს, რომ სამხედრო გამოცდილება აუცილებელია თავდაცვის მინისტრისთვის, რომელიც უნდა იყოს მენეჯერული ფუნქციის მატარებელი და გააჩნდეს პოლიტიკური უნარი, მართოს თავდაცვის პოლიტიკის ამოცანები. ასევე, იმუშაოს დასავლელ პარტნიორებთან, ნატო-სთან, ევროკავშირთან და ბიუჯეტი იყოს ადეკვატურად გამოყოფილი იმისთვის, რომ ჯარი გვყავდეს ბრძოლისუნარიანი.
„სამწუხაროდ, ყველაფერი არის ფარდობითი და თუ შევადარებთ წინამორბედ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომელსაც არანაირი არც შესაბამისი განათლება და კვალიფიკაცია თავდაცვის სფეროში არ ჰქონია, ირაკლი ჩიქოვანი ნამდვილად მირჩევნია იმიტომ, რომ, ბოლო-ბოლო, ნამუშევარი მაინც აქვს „ვარდების რევოლუციამდე“ თავდაცვის სამინისტროში, უშიშროების საბჭოში და თავდაცვის კომიტეტის წევრი იყო. მაგრამ აქ ერთი არის კვალიფიკაცია და გამოცდილება და მეორეა პრინციპულობა და პოლიტიკური ნება. ვერც ერთი ადამიანი თავდაცვის მინისტრის პოზიციაზე ვერაფერს შეცვლის, თუ პოლიტიკური მიზანი თავდაცვის გაძლიერება არ იქნება. ამათ პირობებში, თუკი თანხა არ გამოიყოფა თავდაცვის გეგმის შესასრულებლად, ეს აჩვენებს იმას, რომ თავდაცვის პოლიტიკა არ არის მთავარი საზრუნავი. პოლიტიკური ხეწლმძღვანელობისთვის, ჯარი არ არის პრიორიტეტი. ირაკლი ღარიბაშივილის მინისტრობის მთავარი მიღწევა არის „ბატინკი“, უნიფორმა და არა შეიარაღების შესყიდვა, არა დაცული ცა, მათ შორის, მზადყოფნა თითოეული მოქალაქის, რომ ქვეყნის დასაცავად ყველა ვერთიანდებოდეთ. ეს მეორე ფრონტის პროპაგანდაც, მათ შორის, მნიშვნელოვნად აქვეითებს ამ მორალს და სულისკვეთებას, თავი რომ დავანებოთ თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, რასაც პოლიტიკური ნება სჭირდება. სტრატეგია რომ სტრატეგიაა, რომელიც თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტებს და რესურსებს განსაზღვრავდა, „ქართულმა ოცნებამ“ ესეც კი აღარ დაამტკიცა, იმდენად არ აინტერესებთ თავდაცვა. შესაბამისად, იქნება ეს ირაკლი ჩიქოვანი თუ ვინმე სხვა, ვერაფერს შეცვლიდა. ამას სჭირდება მთავრობა, რომლის პრიორიტეტი იქნება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
0
0