
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თენგიზ შარმანაშვილის თქმით, საქართველოს იმიჯისთვის გიორგი ბარამიძის განცხადება კატასტროფული იყო.
შარმანაშვილის თქმით, ბარამიძემ საკუთარი განცხადება დააზუსტა, თუმცა იმაზე უარესი განცხადება გააკეთა, ვიდრე მანამდე ჰქონდა ნათქვამი.
„გიორგი ბარამიძე პატრიოტია, თუ არაპატრიოტი, ამისთვის არავინ ასამართლებს. მას ბრალი წარუდგინეს კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულთან დაკავშირებით, ეს არის საბოტაჟი. საქართველოს იმიჯისთვის მისი განცხადება აბსოლუტურად კატასტროფული იყო. ჩვენ რომ დავიწყოთ მტკიცება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე გენოციდს ვეწეოდით ან დახვრეტებს ვაწარმოებდით, სამხედრო დანაშაულს ჩავდიოდით, ძნელი მისახვედრი არ არის, სადამდე შეიძლება, ამ მტკიცებამ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მიიყვანოს. მან თავისი განცხადება დააზუსტა და იმაზე უარესი თქვა, ვიდრე თავიდან. ჯერ თქვა, რომ ამას არმია აკეთებდა, შემდეგ თქვა, ამას გაბრაზებული ხალხი აკეთებდა, რომელსაც სახელმწიფო ვერ აკონტროლებდა და ეს ხალხი სამხედრო დანაშაულს სჩადიოდაო. ამიტომ, ამ თემაზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია. რა რეპრესიაზეა საუბარი? ვინ ექაჩებოდა ენაზე, რომ ეს ეთქვა? სახელმწიფომ „ჩაუდო“ ეს ნათქვამი? მივიდა და ყურში უჩურჩულა, რაღაც შენი ნამოქმედარი არ მოგვწონს, გვინდა, რეპრესია განვახორციელოთ და იქნებ, ეს თქვა და ხელ-ფეხი გაგვეხსნასო? ასე წარმოუდგენია, ამ ხალხს? – რაც გააკეთა, თვითონ გააკეთა“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.
0
0