08/09/2023
08:30
პოლიტიკა
მეორე დღეა თბილისში ვიზიტით იმყოფება საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი.
ამ წუთებში ბორელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ელოდებიან. პირველი შეხვედრა ილია დარჩიაშვილთანაა დაგეგმილი.
09.40 საათზე ბორელი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს საკანონმდებლო ორგანოში შეხვდება.
მოგვიანებით კი ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მთავრობის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს, სადაც პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება. 12:00 საათზე დაგეგმილია მათი ერთობლივი პრესკონფერენცია.
ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიიღებს. ბორელი ასევე შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს.
ვიზიტის ფარლებში დაგეგმილია შეხვედრები პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიებისა და ასევე, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
ჯოზეფ ბორელი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობასაც გაეცნობა.
ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ბორელის პირველი ოფიციალური ვიზიტი, ამჟამინდელი უფლებამოსილებებით, საშუალებას მისცემს მას, განიხილოს პროგრესი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე და ასევე გაცვალოს აზრები უფრო ფართო საგარეო პოლიტიკასა და რეგიონულ საკითხებზე.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბორელი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ილია დარჩიაშვილი და საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი დახვდნენ.
გუშინ საღამოს კი ირაკლი ღარიბაშვილმა ჯოზეფ ბორელს ვახშამზე უმასპინძლა.
ბორელის ვიზიტი დღესვე დასრულდება.
0
0