
„2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე დაჩი ცაგურიას უსმენენ, რომელმაც 2009 წლის 15 ივნისის მოვლენები გაიხსენა.
დაჩი ცაგურიას თქმით, 2009 წლის 15 ივნისი არის მისი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღე.
„43 წლის ვარ და ასეთი მძიმე დღე უბრალოდ არ მქონია, არ ვიცი, ასეთი სასტიკი დღე არ ყოფილა მგონი არასოდეს. მივდიოდით იქ, სადაც იყო მიხეილ სააკაშვილი, ხან ქალბატონ სოფოსთან ერთად, ასეთ სიტუაციებში როცა იყო, რესტორანთან მივდიოდით და გამოვთქვამდით პროტესტს. შიგნით შესვლა არ გვიცდია არასდროს. ჩვენი მესიჯები გვქონდა, ხან სანდრო გირგვლიანის ფოტო გვქონდა, ხან ვაზაგაშვილის, გამცემლიძის, ბუტა რობაქიძის და ა.შ. შეჭრის მცდელობაც არ გვქონია. 15 ივნისს წინ უძღოდა ის, რომ იყო დიდი აგრესია, ცემა და უბედურება. 15 ივნისამდე საპროტესტო აქციები შენელებულია, უკვე ძალა აღარ აქვს ოპოზიციას და ესენი გადმოვიდნენ ჩვენზე შეტევაზე. ოჯახებს გვიწიოკებდნენ, დაიწყეს ჩვენი დაჭერები. მიშა მესხს მიუვარდნენ დასაჭერად სახლთან, მეზობლებმა და ქალებმა გადაარჩინეს. მეც ზუსტად ასევე მომივარდნენ. პოლიციამ ვითომ გამაჩერა. დამტვრეული „ნივა“ მყავდა და სიჩქარეს გადააჭარბეო. ის მანქანა სიჩქარეს ფიზიკურად ვერ აჭარბებდა. მივხვდი, რაშიც იყო საქმე. მამასთან ერთად ვიყავი და არ გრცხვენიათო? მამაჩემს ვუთხარი, სოზარ სუბართან ვრეკავ, დამშვიდდი-მეთქი და რომ გაიგო პოლიციელმა, ტელეფონი გამომგლიჯა. გადმოვედი მანქანიდან და ჩასაფრებაა, ალბათ 200 პოლიციელია. ზედაზენის ქუჩაზე, ჩემს საცხოვრებელ სახლთან დამხვდნენ. მეზობლების დახმარებით, ვერ დამიჭირეს. ასე ყველას სახლებთან რომ გვხვდებოდნენ, ამიტომ გადავწყვიტეთ, მივსულიყავით სამმართველოსთან. აქციის მიზეზი იყო, რომ ჩავბარებულიყავით – „გვითხარით, ვისი დაჭერაც გინდათ, აქ ვართ“. დაახლოებით 50-60 ადამიანი ვიყავით მშობლებთან ერთად. სამმართაველოსთან ვიდექით ტროტუარზე. ჩვენდა გასაოცრად, დაგვხვდა სამმართველოს კარი ღია. შიგნიდან ვიდეოკამერებით გვიღებდნენ და ჩვენ დავიწყეთ სიის წაკითხვა, რომ მოვედით და აქ ვართ. უცებ ყველა მხრიდან მოდიან, სამმართველოს შესასვლელის გარდა. ამათ უნდოდათ, დაედგათ კადრი, შევერეკეთ შენობაში, რომ გადაეღოთ, ვითომ შევიჭერით. ყველა ჩვენს აქციას თან ახლდა ზონდერ დაჯგუფებების გაკეთება. უდესიანები და ვიღაცები ჰყავდათ ზონდერ დაჯგუფებების ორგანიზატორებად. აქციიდან წასულ ხალხს სასიკვდილოდ სცემდნენ“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.
დაჩი ცაგურიამ დეტალურად ისაუბრა ჯერ პოლიციის სამმართველოს ეზოში, შემდეგ კი, სამმართველოს შენობაში განვითარებულ პროცესებზე.
„ახალგაზრდებმა მინდა იცოდნენ, ხალხნო, ახლა რომ ამბობთ, იგივეა და უარესია, ეს სიგიჟეა, არ დაგაჯეროთ არავინ. ვინმემ თუ არ იცით, რა არის იგივე და რა არის უარესი, უარესია კი არა, ჩრდილო კორეა გვენატრებოდა და რა რუსეთში მიგვაქანებენ, რუსეთი იყო სანატრელი. ესეთი რაღაცები მაშინდელ რუსეთში არ ხდებოდა. ჯერ გარეთ დაგვასისხლიანეს, სასიკვდილოდ გაგვიმეტეს და გვცემეს, შემდეგ შეგვათრიეს სამმართველოს შენობაში. ოღონდ როგორ იყო იცით, მოაწყობდნენ ხოლმე სახელდახელოდ დერეფანს, ხომ მიგვათრევდნენ ხელებამობრუნებული და გვირტყამდნენ თან, გვაფურთხებდნენ სახეში და შეურაცხყოფას გვაყენებდნენ, შემდეგ დერეფანში შეგვაგდებდნენ და დერეფანი უნდა გაგვევლო. დერეფანში იდგა ერთი ორმოცი ადამიანი ხელკეტებით და რაღაცებით და სათითაოდ ყველა გვირტყამდა, ყველა სამაგალითოდ. ერთგვარი შეჯიბრი ჰქონდათ, ვინ უფრო მაგარი იყო, ერთმანეთისთვის რომ დაემტკიცებინათ, ვინ უფრო მაგრად გაგვიმეტებდა, ვინ უფრო დაუნდობელი იყო. ჯერ ქუჩაში მოგვკლეს ცემით და დაგვასისხლიანეს, თავებდახეთქილები და დაგლეჯილები ვართ უკვე, დაკავებულები და არავინ არანაირ წინააღმდეგობას არ უწევს, მაგრამ მაინც გვირტყამენ, მოგვათრევენ და უკვე სამმართველოს ეზოში ჯერ ეს დერეფნები ეწყობა სახელდახელოდ ყველასთვის და იქ გვცემენ, გვაგინებენ, ისეთ რაღაცებს გვეუბნებოდნენ, რომ ეს გინება არ არის, ვერ ვიტყვი უბრალოდ, რაღაც საზიზღრობაა. სახეში გვაფურთხებდნენ. დერეფანი ხომ გაგვატარეს, შემდეგ დერეფნიდან აგვიყვანეს კიბეებზე, სამმართველოს შესასვლელი იყო, სადაც ლიფტებია და ერთგვარი ფოიე, იქ რომ შემიყვანეს, ჩემი მეგობრები არიან ძირს დაყრილები, ძირს ვწევართ, უკვე ადგილი აღარ არის იქ, გადაიჭედა იქაურობა და ფეხით დადიოდნენ ჩვენზე ზემოდან, ბეიზბოლის ხელკეტებით და არმატურებით ზემოდან გვცემდნენ. ნაწილი მანდ შეგვიყვანეს, ნაწილი სასამართლოს შენობაში შეიყვანეს. სასამართლოს შენობაში ჩემი მეგობრები დაგლიჯეს ცემით, ტყავი დაუხიეს, ისეთ დღეში ჩააგდეს, დაასისხლიანეს, ძვლები დაულეწეს, სააპელაციო სასამართლოს შენობაში, ახლა რომ გრძელი ენა აქვთ, რაღაცები რომ არ მოსწონთ. ჩემზე იყო ერთგვარი მოთხოვნა, აბა, ცაგურია ცაგურია. პარტია პარტია მოდიოდნენ, უკვე გონზე ვიყავი, მაგრამ ყოველგვარი ენერგიისგან გამოლეული, თავზე მედო ხელები და თავზე რომ ბეისბოლის ბიტას მირტყამდნენ, ხელის მტევანი დალეწილი მაქვს, ფორმა აქვს შეცვლილი, სამმართველოში დამიმტვრიეს, თავზე რომ მედო და ბეიზბოლის ბიტას რომ მირტყამდნენ. ეტყობა, ხელზე რომ მხვდებოდა, გული სწყდებოდათ მაგაზე, მომეპარა უკნიდან და ზუსტად შუაში, ისე რომხელებს შორის გაეძვრინა, მხეთქა ბეიზბოლის ხელკეტი და საშინელი ტკივილი იყო. ხერხემალი დამიზიანდა იქ, ორი მალა მქონდა ცემისგან გატეხილი“, – განაცხადა დაჩი ცაგურიამ.
0
0