
საფრანგეთში სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციებზე ხმოვან-მანათობელი ყუმბარების გამოყენება აკრძალეს. ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნესმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ ტიპის ყუმბარების გამოყენება მას შემდეგ აკრძალეს, რაც ლანსში აქციის დროს მოსწავლემ პოლიციის ყუმბარის აფეთქების შედეგად დაკარგა.
„უკვე გუშინ მოვითხოვე, რომ ეს ყუმბარა სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციების ფარგლებში აღარ გამოეყენებინათ“, – განაცხადა საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ინციდენტი, რომელზეც საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ისაუბრა, 5 ოქტომბერს მოხდა, ერთ-ერთმა მოსწავლემ პოლიციის მიერ გამოყენებულ ყუმბარასთან კონტაქტის შემდეგ ხელის მძიმე დაზიანება მიიღო. ინციდენტის ადგილზე პა-დე-კალეს დეპარტამენტის პრეფექტი ფრანსუა-ქსავიე ლოში და ბეტუნის პროკურორი ეტიენ ტიფრი მივიდნენ. მათ დაადასტურეს, რომ მოსწავლემ ხელი დაკარგა. მათი განცხადებით, ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ცნობისთვის, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრ სებასტიან ლეკორნუს განკარგულებით, დღეიდან პარასკევის ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით სკოლებში სასწავლო პროცესი შეჩერდა, რათა სკოლის მოსწავლეებთან კომუნიკაცია შედგეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო გამოსვლების დაწყებიდან 190 მოსწავლე დაშავდა. საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 6 ოქტომბერს, სკოლის მოსწავლეების საპროტესტო აქციების დროს, ქვეყნის მასშტაბით 488 ადამიანი დააკავეს.
0
0