
დღეს ვუსმინე ნანუკა ჟორჟოლიანის ინტერვიუს და ფრიად დამძიმებული შთაბეჭდილებები დამრჩა. იქ ლაპარაკი იყო ნიკა მელიაზე, როგორც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილ თავმჯდომარეზე, მის ურთიერთობაზე მიშასთან და რაც მთავარია, იმ მოდელზე, რა მოდელის პარტიასაც ქმნიან ახლა, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობას" რა მოდელზეც აწყობენ, - ამის შესახებ პარტია "ახალის" წევრმა, დავით ნებიერიძემ განაცხადა.
როგორც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში ნებიერიძე განმარტავს, ჟორჟოლიანის განცხადება იმის შესახებ, რომ მას სურს, იყოს მიხეილ სააკაშვილის მენეჯერი, ნიშნავს იმას, რომ "ნაციონალური მოძრაობა" დააკოპირებს "ქართული ოცნების" მმართველობის მოდელს.
"ნანუკამ ასეთი რამ თქვა, რომ ნიკა მელიასგან განსხვავებით, მე არ მინდა ვიყო ლიდერი, მე მინდა ვიყო მიშა სააკაშვილის მენეჯერიო. ეს არის სრული კატასტროფა, იმიტომ, რომ აქ არის აბსოლუტური თანხვედრა "ქართული ოცნების", როგორც პარტიის მოდელთან. ზუსტად მასეა "ქართულ ოცნებაში": ჰყავთ ერთი ბელადი, ერთი ლიდერი და დანარჩენი ყველანი განხილულები არიან უბრალოდ როგორც მენეჯერები და აბსოლუტურად გამოშიგნულია პარტია პოლიტიკოსებისგან.
როგორც "ქართულ ოცნებაში" არ ჰყავთ პოლიტიკოსი და ყველა არიან ბიძინა ივანიშვილის ბრძანებების შემსრულებელი, ზუსტად იგივე მოდელის კოპირებას გულისხმობს ის, რაც თქვა ნანუკამ. ვისაც გინდათ გეწყინოთ, ვისაც გინდათ ნუ გეწყინებათ, მაგრამ ცალსახად ვიტყვი, რომ თუ ეს უბრალოდ წამოცდენა, შეცდომა და ასე შემდეგ არის, ჯობია გაასწორონ ეს მოდელი და თუ არა, პირდაპირ გეტყვით, რომ ამ ტრანსფორმაციის შედეგად იბადება მეორე "ქართული ოცნება", რისი ნიშნებიც ძალიან დიდი ხანია იყო, რომ მიშას გარეშე თქვენ არავინ და არაფერი არ ხართ, მიშას გარეშე ყველა ხართ ნულები და ა.შ. ზუსტად ეს არის "ქოცური" მოდელი, ეს არის რუსული მოდელი. ზუსტად ამ მოდელით არის შექმნილი როგორც "ქართული ოცნება", ასევე რუსეთში "ედინაია რასია". ზუსტად ეს მოდელი უზრუნველყოფს ტოტალიტარიზმს და ეს უნდა გაიაზროს ყველამ, ვისაც უნდა, რომ პოზიციონირებდეს ოპოზიციურ ფლანგზე. კატასტროფაა, რაც ნანუკამ თქვა და ფუნდამენტალური შეცდომაა," - განაცხადა ნებიერიძემ.
0
0