
საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტი, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის ყოფილი წარმომადგენელი, ვანო მაჭავარიანი აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტის პოსტიდან გადადგომა მოსთხოვა, ბიძინა ივანიშვილის სახელით შუამავლის როლს კი დავით უსუფაშვილი ასრულებდა. აღნიშნულის შესახებ მაჭავარიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სივრცე“ ისაუბრა.
როგორც მაჭავარიანი იხსენებს, გზავნილი იყო ცალსახა, რომლის მიზეზიც მთავრობისა და პრეზიდენტ მარგველაშვილის პოლიტიკას შორის სხვაობა გახდა. მისივე მტკიცებით, მარგველაშვილის პრეზიდენტობის პირველ ეტაპზე იყო დაბლოკილი ვიზიტები, ასევე წერილებისა და მოწვევების დამალვის შემთხვევები.
„ამ სფეროში ერთ-ერთი აქტიური, ახლა ოპოზიციონერია. პარლამენტის იმჟამინდელი თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი იყო მოსული. საუბარი იყო, რომ მარგველაშვილის, მთავრობის, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა განსხვავდება და ხომ არ იფიქრებდა მარგველაშვილი... მაშინ ბიძინას სახელით გველაპარაკებოდა. უსუფაშვილი, შეიძლება მშვიდობის მტრედს თამაშობდა, მაგრამ გზავნილი იყო ცალსახა. ამ შეხვედრის შემდეგ კარგად მახსოვს მარგველაშვილის რეაქცია“,- განაცხადა მაჭავარიანმა.
ვანო მაჭავარიანის თქმით, დღეს უკვე სალომე ზურაბიშვილს უწევს ნებართვის გარეშე დასავლეთში ვიზიტრების განხორციელება.
„ქართული ოცნების წინააღმდეგობის მიუხედავად, სალომე ზურაბიშვილი წავიდა ევროპულ ტურნეზე, რომელსაც მისი თანამდებობრივი პოზიცია ავალდებულებს. როგორც სახელმწიფო მეთაურს აქვს უფლებამოსილება, მაგრამ თუ მთავრობა ამის უფლებას არ აძლევს, პოზიციის დაფიქსირების საშუალება მაინც აქვს. წარმოუდგენელია გერმანიის, საფრანგეთის და ბრიუსელის შემთხვევაში მოწვევა არ ყოფილიყო, უბრალოდ ვერავის დაადგები თავზე. ის, რომ სალომე ზურაბიშვილს აქვს საშუალება ისაუბროს სახელმწიფო მეთაურის და ხალხის სახელით, კარგად ესმით ევროპულ დემოკრატიებში. არ მგონია, ვინმეს სჯეროდეს, რომ პრეზიდენტი დადის და ადვოკატირებას აკეთებს, იმის რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსის არ მიიღოს. „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ 12-პუნქტიანი პრიორიტეტი არ შეასრულოს. ჯოზეფ ბორელმაც ისაუბრა, რომ არის პირობები, რომელიც საქართველომ უნდა შეასრულოს. კანდიდატის სტატუსი არ არის საჩუქარი“,- განაცხადა მაჭავარიანმა.
0
0