ირანის რევოლუციურმა სასამართლომ მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს ნარგეს მოჰამადის პატიმრობის ვადა 15 თვით გაუხანგრძლივა. მას ბრალად ედება ციხეში ყოფნის დროს ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ პროპაგანდა. მოჰამადიმ უკვე 12 წელი გაატარა ციხეში.
მოჰამადის ოჯახმა სასამართლოს გადაწყვეტილება დაგმო და განაცხადა, რომ, 2021 წლის მარტის შემდეგ, მას მეხუთედ დაედო მსჯავრი. მოჰამადის განაჩენი დაუსწრებლად გამოუტანეს.
პატიმრობის ვადის გახანგრძლივების გარდა, ახალი სასჯელი მოჰამადის ავალდებულებს, რომ 2 წლით თეირანის გარეთ გადასახლდეს, რაც ნიშნავს, რომ მას ევინის ციხიდან [სადაც ამჟამად იმყოფება] გადაიყვანენ. განაჩენში ასევე აღნიშნულია, რომ სასჯელის მოხდის შემდეგ, მოჰამადის ორი წლით აეკრძალება საზღვარგარეთ გამგზავრება და, იმავე ვადის ფარგლებში, არ ექნება პოლიტიკური და სოციალური ჯგუფების წევრობისა და მობილური ტელეფონით სარგებლობის უფლება.
ნარგეს მოჰამადი ათწლეულების განმავლობაში ატარებდა კამპანიას ირანში ადამიანის უფლებების დასაცავად. მას 20 წლის მანძილზე აპატიმრებდნენ და ათავისუფლებდნენ თავისი აქტიურობის გამო. მოჰამადი 13-ჯერ დააკავეს და მას, საერთო ჯამში, 31 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
მრავალჯერ მუქარისა და დაპატიმრების მიუხედავად, 51 წლის უფლებადამცველმა მოღვაწეობა გააგრძელა. ირანში ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, 2023 წელს, ნორვეგიის ნობელის კომიტეტმა მას ნობელის პრემია მიანიჭა. მოაჰამადის განცხადება პრემიის გადაცემის ცერემონიაზე საჯაროდ წაიკითხეს, ჯილდო კი მის შვილებს გადაეცათ. პრიზი ასევე მოიცავს 1 მილიონ დოლარსაც.
0
0