
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა „სიენენი“ და MSNBC გააკრიტიკა.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს, „სიენენისა“ და MSNBC-ის რეიტინგები მნიშვნელოვნად დაეცა და ამის მიზეზი, ტრამპის თქმით, ამ მედიასაშუალებების მიმართ ნდობის ნაკლებობაა.
„სიენენ“-ისა და MSNBC-ის რეიტინგები მნიშვნელოვნად დაეცა. მთავარი მიზეზი ნდობის არარსებობაა! ისინი ცუდად წერენ ადამიანზე, რომელმაც არჩევნებში დიდი სხვაობით გაიმარჯვა – მოიგო შვიდივე მერყევი შტატი, მოიპოვა ხმების უმრავლესობა და გაიმარჯვა ოლქების 86%-ში. ადამიანზე, რომლის პოპულარობა გაიზარდა იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა უპრეცედენტო წარმატებებს აღწევს როგორც საერთაშორისო ასპარეზზე, ისე ქვეყნის შიგნით“, – წერს ტრამპი.
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, „სიენენმა“ და MSNBC-მ დღეს უარი თქვეს თეთრ სახლში ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინისა და მისი მეუღლის დახვედრის გაშუქებაზე.
„ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და ლამაზი ღონისძიება, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში ჩატარებულა. ღონისძიება დიდებული იყო, ფაქტობრივად, ტელევიზიისთვის შექმნილი. თუმცა, რადგან ისინი ყალბი ამბების გამავრცელებლები არიან და იცოდნენ, რამდენად კარგად გამოიყურებოდა ყველაფერი, არ სურდათ, რომ დამსახურება „ტრამპისთვის“ მიეწერათ, ამიტომ იქ ყოფნაზე უარი თქვეს. სწორედ ამიტომ აქვთ ასეთი დაბალი რეიტინგები“, – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა.
მისი თქმით, ჩინეთის პრეზიდენტის პატივსაცემად თეთრ სახლში დაგეგმილი სახელმწიფო ვახშამი „სანახაობრივი“ იქნება და მას მედიის წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
ცნობისთვის, „სიენენმა“, „პოლიტიკომ“ და MS NOW-მ განაცხადეს, რომ ჟურნალისტებს თავდაპირველად არ მისცეს თეთრ სახლში შესვლისა და სი ძინპინის ვიზიტის გაშუქების უფლება, თუმცა მოგვიანებით იქ შესვლის ნება დართეს.
0
0