13/11/2021
19:27
პოლიტიკა
სადაც არ არის სამართლიანობა, იქ არ არის მშვიდობა – საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ამ მარტივი ჭეშმარიტების საუკეთესო დასტურია. სადაც არ აღსრულდა სამართალი დამნაშავის მიმართ, პირდაპირი საფრთხე შეექმნა მშვიდობას და სტაბილურობას, რაც ქვეყნის შეუფერხებელი განვითარების აუცილებელი პირობაა. „ქართული ოცნება“ ამას აღარასოდეს დაუშვებს! სამართალი აღსრულდება ყველა იმ პირის მიმართ, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი!
ერთ-ერთმა ევროპარლამენტარმა, რომელიც ნაციონალური მოძრაობის დიდი ხნის ლობისტია და ამ პოლიტიკურ ძალას იმ პერიოდშიც ლობირებდა, როდესაც სააკაშვილის რეჟიმი ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, ბიზნესს აყაჩაღებდა, დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს იტაცებდა და ქვეყნის ტერიტორიებს რუსეთს აბარებდა, მიხეილ სააკაშვილს პოლიტპატიმარი უწოდა. ასეთ ადამიანებს გვინდა დავუსვათ მარტივი კითხვა – ცნობენ თუ არა ისინი საქართველოს სახელმწიფოდ? და თუ ცნობენ – მიაჩნიათ თუ არა, რომ სამართლისა და კანონის უზენაესობა სახელმწიფოს აუცილებელი ატრიბუტია?
2012 წლიდან, საქართველოში მართლმსაჯულებამ და ზოგადად, სამართალდამცავმა სისტემამ ფუნდამენტური წინსვლა განიცადა. ამას ცხადყოფს როგორც ელემენტარული სტატისტიკა, ისე მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ინსტიტუტების შეფასებები, მათ შორის Heritage Foundation-ის, „მსოფლიოს მართლმსაჯულების პროექტის“, „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“, მსოფლიო ბანკის რეიტინგები და სხვ. აღნიშნული რეიტინგები ადასტურებს, რომ საქართველო მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის თვალსაზრისით, რეგიონში გამოკვეთილი ლიდერია და ათამდე ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსაც კი უსწრებს. სასამართლო სისტემა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის რეპრესიული მანქანის ერთ-ერთი უმთავრესი ელემენტი იყო და რომელმაც 2004-12 წლებში უამრავი ადამიანის ღირსება, სიცოცხლე, ჯანმრთელობა და საკუთრება ხელყო, 2012 წლიდან რადიკალურად და თვისებრივად გარდაიქმნა და სამართლის სამსახურში ჩადგა.
ამ ფონზე, ქართული მართლმსაჯულების დისკრედიტაციის ყველა მცდელობის უკან იკითხება ერთადერთი მიზანი – ეს არის კრიმინალების მფარველობა და მათთვის სასჯელის არიდება იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც წარსულში აქვთ ჩადენილი ან მომავალში აქვთ ჩასადენი. ამ მცდელობის მიმართ, რომლის უკანაც იგივე პარტიები, მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და უცხოელი ლობისტები დგანან, ბუნებრივია, ჩვენ ლოიალური ვერ ვიქნებით.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკითხი დგას მარტივად – ან ეს ადამიანები აღიარებენ, რომ საქართველო არის სახელმწიფო და სახელმწიფოში კანონი უნდა კანონობდეს, ან ჩვენ მოგვიწევს მათ ვუწოდოთ კრიმინალების მფარველები. მათ უნდა აჩვენონ, რომ არიან საქართველოს მეგობრები და არა სააკაშვილისა და მისი კრიმინალი თანაგუნდელების მეგობრები.
თუ არ აღსრულდება სამართალი დამნაშავეთა მიმართ, განსაკუთრებით იმ კრიმინალების მიმართ, რომლებსაც დღესაც ძალაუფლების დაბრუნების ამბიცია ამოძრავებთ, საქართველო ვერასოდეს გამოვა პოლარიზაციის ჩაკეტილი წრიდან, ამას კი „ქართული ოცნება“ ვერ და არ დაუშვებს.
მომავალში, როდესაც ჩვენი უცხოელი პარტნიორების ნაბიჯებს შევაფასებთ, ჩვენთვის სახელმძღვანელო სწორედ ამ წერილში ასახული მთავარი პრინციპი იქნება – ქართული სახელმწიფო ვერ ითანამშრომლებს იმ ადამიანებთან, რომლებიც კრიმინალების სასარგებლოდ პოლიტიკური მიკერძოების გამო, ამ სახელმწიფოს სახელმწიფოდ არ ცნობენ“, - აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.
0
0