13/11/2021
19:25
პოლიტიკა
მისი თქმით, ჩვენი უცხოელი პარტნიორების უდიდესი უმრავლესობა სათანადოდ აფასებს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და აქვს ობიექტური დამოკიდებულება, ერთი მხრივ, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და ქვეყნის ხელისუფლების, ხოლო, მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მიმართ. მათი უმრავლესობა აღიარებს, რომ მიხეილ სააკაშვილი სამართლიანად იხდის მისთვის შეფარდებულ სასჯელს.
ამასთან, მისივე თქმით, არიან მცირერიცხოვანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჯიუტად არ ცვლიან პოზიციას და ნაციონალური მოძრაობის ლობისტობას ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე სწორხაზოვნად განაგრძობენ.
„ხშირად მოგვისმენია გულწრფელი კრიტიკა და შენიშვნები მეგობრების მხრიდან. ამგვარი კრიტიკა ჩვენთვის ძალზე ღირებულია და ვაფასებთ. ჩვენს მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ჩვენს პარტნიორებს, საქართველოს ნამდვილ მეგობრებს, ხშირად შეუცვლიათ თავდაპირველი პოზიცია, რაც მათ გულწრფელობას ადასტურებს. თუმცა, არიან მცირერიცხოვანი უცხოელი პოლიტიკოსები, რომლებიც ჯიუტად არ ცვლიან პოზიციას და ნაციონალური მოძრაობის ლობისტობას ყოველგვარი არგუმენტაციის გარეშე სწორხაზოვნად განაგრძობენ. რადგან სააკაშვილის საკითხი, ამ თვალსაზრისით, დღეს ყველაზე აქტუალურია, ამ თემას შედარებით დეტალურად შევეხები. კერძოდ, პასუხი უნდა გაეცეს რამდენიმე მარტივ შეკითხვას: - როდესაც უმაღლესი სახელმწიფო თანამდებობის პირი პარლამენტის წევრს უმძიმესი ფორმით ფიზიკურად უსწორდება და ახალგაზრდა კაცის მკვლელებს საკუთარი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების გზით მფარველობს, უნდა მოიხადოს თუ არა მან ამ ქმედებებისთვის სასჯელი (ასეთია ორი ოფიციალური ბრალი, რომლის საფუძველზეც სააკაშვილს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა; ორივე საქმის შესახებ საქართველოში ყველამ ყველაფერი იცის; ამასთან, გირგვლიანის საქმეში სააკაშვილის ბრალეულობა სტრასბურგის სასამართლომაც დაადასტურა)? ამ კითხვაზე პასუხი მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა და სამართლის უზენაესობა მისთვის ღირებულია - კი; - როდესაც ამ დანაშაულთა გამო მსჯავრდებული პირი საქართველოს საზღვარს უკანონოდ ჰკვეთს, უნდა მოხდეს თუ არა მისი მყისიერი დაპატიმრება? პასუხი ამ კითხვაზეც მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა და სამართლის უზენაესობა მისთვის ღირებულია - კი; - როდესაც მსჯავრდებული ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შიმშილობას იწყებს და განთავისუფლებას ითხოვს, უნდა დაუკმაყოფილდეს თუ არა მას მოთხოვნა? პასუხი აქაც მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა და სამართლის უზენაესობა მისთვის ღირებულია - არა; - როდესაც მსჯავრდებული სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას იმისათვის ითხოვს, რომ ციხიდან გავიდეს და თანამზრახველებს მისი განთავისუფლების შანსი მიეცეთ, უნდა დაჰყვეს თუ არა ხელისუფლება მოთხოვნას? პასუხი მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა - არა; - როდესაც მსჯავრდებული უარს აცხადებს სასჯელაღსრულების ერთი დაწესებულებიდან მეორე, კლინიკით აღჭურვილ დაწესებულებაში გადაყვანაზე, უნდა გამოიყენოს თუ არა სახელმწიფომ იძულების პროპორციული ზომები მსჯავრდებულის გადასაყვანად? პასუხი ამ შემთხვევაშიც მარტივია: თუ საქართველო სახელმწიფოა - კი; - ბოლოს, როდესაც მსჯავრდებულის თანამზრახველები კატეგორიულად ითხოვენ მისი გადაყვანის ამსახველი კადრების გასაჯაროებას, მიუხედავად იმისა, რომ თავადვე იციან, რომ ეს კადრები არ იქნება სასიამოვნო სანახავი და როდესაც კადრების არგასაჯაროებაზე უამრავ სიცრუესა და სპეკულაციას აგებენ, უნდა გაუზიაროს თუ არა სახელმწიფომ საზოგადოებას სრული ინფორმაცია სიმართლის შესახებ? პასუხი ამ კითხვაზეც მარტივია - თუ საქართველო სახელმწიფოა, რომელიც აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას იმაზე, რომ საზოგადოება არავის უნდა შეაყვანინოს შეცდომაში - კი. ასე რომ, ყველაფერი დღესავით ნათელია, თუ საქართველო სახელმწიფოა, მიხეილ სააკაშვილმა სრულად უნდა მოიხადოს კუთვნილი სასჯელი და მისი უსაფუძვლო მოთხოვნების გამო, ხელისუფლებამ ექიმების, პაციენტების თუ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების უსაფრთხოება არასაჭირო რისკის ქვეშ არ უნდა დააყენოს. სადაც არ არის სამართლიანობა, იქ არ არის მშვიდობა - საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები ამ მარტივი ჭეშმარიტების საუკეთესო დასტურია. სადაც არ აღსრულდა სამართალი დამნაშავის მიმართ, პირდაპირი საფრთხე შეექმნა მშვიდობას და სტაბილურობას, რაც ქვეყნის შეუფერხებელი განვითარების აუცილებელი პირობაა. „ქართული ოცნება“ ამას აღარასოდეს დაუშვებს! სამართალი აღსრულდება ყველა იმ პირის მიმართ, რომელსაც დანაშაული აქვს ჩადენილი! „ - ნათქვამია განცხადებაში.
0
0